ვლადიმირ I დიდი – „ეპიზოდი”
„300 საყვარელი ქალი – ვიშგოროდში, 300 – ბელგოროდში, 200 – ბერესტოვოში. პირადი ჰარემი სამეფო სასახლის კარზე; გარდა ასეულობით ხარჭისა, ჰყავდა 7 ცოლი, 15 კანონიერი შვილი და 5 უკანონო, რომელთა სახელები ისტორიას არ შემორჩენია; ამბობდნენ იმასაც, რომ კერპთაყვანისმცემელობის ჟამს ადამიანებს მსხვერპლად სწირავდაო; სანდო ისტორიული წყაროების მტკიცებით, მან საჯაროდ, საკუთარი მშობლებისა და ღვიძლი ძმის თვალწინ ახადა ნამუსი თავისი ძმის საცოლეს – როგნედა რაგვოლოდოვნას, ვინაც შემდგომ ცოლად შეირთო. მხეცური ჟინით ვნებებდამცხრალმა წარმართმა კი ბრძანება გასცა სიკვდილით დაესაჯათ უკიდურესად შეურაცხყოფილი როგნედას ოჯახის წევრები”. – საკვირველი კია, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ასე ვიდოდა თავის ცხოვრების გზაზე ქრისტიანული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი კიევის რუსეთის მთავარი – ვლადიმირ I დიდი (958-1015 წლები) მანამ, სანამ ქრისტიანად მოექცეოდა. როგორც ცნობილია, ქრისტიანობის მიღების შემდეგ ვლადიმირმა კარდინალურად იცვალა ცხოვრების ნირი. მისთვის, როგორც ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის, დამახასიათებელ თვისებებად იქცა – კაცთმოყვარეობა, მოწყალების უხვად გაცემა და სათნოება. ნიშანდობლივია ისიც, რომ სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება კიევის რუსეთში. – (ავტორი გენია.ჯი)