პინგვინი ადელი – „ეპიზოდი”
ანტარქტიდის სანაპიროებსა და მის ახლო მდებარე კუნძულებზე მობინადრე – პინგვინი ადელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა პინგვინებისა, ფრიად უჩვეულო თვისებების მატარებელი არამფრენი ფრინველია. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია, პინგვინი ადელი, რომელიც სხეულის საშუალო ზომებით არის გამორჩეული (სიმაღლე – 80 სანტიმეტრი, წონა – 6 კილოგრამამდე), კვერცხის დასადებად საჭირო ბუდეს წვრილი კენჭებისაგან იმზადებს. როდესაც რომელიმე წყვილი პინგვინი ადელისა რაიმეთი ერთობა და ამ დროს თავის ბუდეს შორდება, მეორე წყვილისათვის დამახასიათებელი თვისებაა მათ ბუდესთან მიპარვა და იქიდან კენჭების მოპარვა. მოპარულ კენჭებს ისინი თავიანთი მშენებარე ბუდისაკენ ეზიდებიან და შემდგომ, სამშენებლო მასალად იყენებენ.
თუმცა ეს, პინგვინი ადელისათვის დამახასიათებელი მხოლოდ ერთი უცნაურობაა. მას მეორე და არანაკლებ უცნაური თვისებაც ახასიათებს. თვისება, რომელსაც საკვირველია, თუმცა თამამად შეიძლება ეწოდოს – პროსტიტუცია.
არიან ეგზემპლარები, რომლებიც ახალი ბუდის ასაგებად საჭირო კენჭების ხელში ჩასაგდებად, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი პარტნიორები ჰყავთ – პროსტიტუციით კავდებიან. ასეთ შემთხვევაში, მდედრი პინგვინი ადელისა ისეთ სახეს იღებს, თითქოს ბუდისათვის კენჭებს ეძიებდეს. ძებნის პროცესში იგი სპეციალურად შორდება პარტნიორის თვალთახედვას. და როგორც კი თვალს მიეფარება, იწყებს მარტოხელა მამრის ძებნას. თავის მხრივ, მამრები ოჯახის შექმნის იმედით, ასეც რომ ვთქვათ, ყოველი შემთხვევისათვის, ბუდეებს იმზადებენ.
როგორც კი წყვილი ერთმანეთს აღმოაჩენს, პარტნიორისაგან გამოპარულ მდედრთან მამრი „სარეცელს იყოფს”, რის შემდგომაც იგი „სასიამოვნო სტუმარს” უფლებას აძლევს, ერთი ან რამდენიმე კენჭი მისი ბუდიდან თავის მშენებარე ბუდეში გადაიტანოს. რაღა თქმა უნდა, პარტნიორის შეუმჩნევლად. – (ავტორი გენია.ჯი)