მაქს პლანკი – „ეპიზოდი”
პოპულარული ამერიკული ჟურნალის – „ტაიმი”-ს მიერ „ინტელექტუალ გიგანტად” წოდებული გენიალური გერმანელი ფიზიკოსი – მაქს პლანკი (1858-1947 წლები), საერთო ჯამში, ორჯერ იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში. კვანტური თეორიის ფუძემდებელი ტიტანი პირველ ჯერზე 1885 წელს დაქორწინდა. მისი რჩეული ქალი მისივე ბავშვობის ახლო მეგობარი – მარია მერკი გახდა, ვისთან თანაცხოვრებაშიაც ორი ვაჟიშვილი და ორი (ტყუპები) ქალიშვილი შეეძინა ფიზიკოსს. ოჯახზე მზრუნველ მეცნიერს მეუღლე 1909 წელს გარდაეცვალა. ორწლიანი ქვრივობის შემდეგ მაქსი კვლავაც დაქორწინდა. ამჯერად მის რჩეულ ქალად – მარგო ფონ ჰესლინი იქცა. წყვილმა თანაცხოვრებაში ერთი ვაჟი მოავლინა ქვეყნიერებას.
პირველი მსოფლიო ომი ხუთი შვილის მამისათვის უდიდესი ტრაგედიის მომტანი შეიქნა: 1916 წელს ერთ-ერთი ბრძოლისას დაიღუპა მეცნიერის უფროსი ვაჟი. ნათქვამია, უბედურება მარტო არასოდეს არ მოდისო… ასე იყო პლანკის შემთხვევაშიც: 1917 წელს მაქს პლანკს ჯერ ერთი ქალიშვილი გარდაეცვალა, ხოლო 1918 წელს მეორე.
მეომე მსოფლიო ომმა არანაკლები ტრაგედია დაატეხა გერმანელ ფიზიკოს თავზე.
სანამ ნაცისტები მოვიდოდნენ გერმანიის ხელისუფლებაში, მეცნიერის პოლიტიკოსი ვაჟი – ერვინ პლანკი, მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელე გახლდათ. ამბობენ, იგი საიდუმლოდ მუშაობდა პოსტ-ნაცისტური კონსტიტუციის შედგენაზეო. 1944 წელს ერვინი გერმანულმა „სს”-მა დააპატიმრა. იგი კლაუს შტაუნფერბერგის თანამზრახველად იქნა დასახელებული ჰიტლერზე განხორციელებული თავდასხმის საქმეში. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო სახელმწიფო ღალატში და განაჩენად – სიკვდილით დასჯა გამოუტანა.
იმ პერიოდში უდიდესი გერმანელი ფიზიკოსი 87 წლის ასაკში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მხრცოვან მამას მაინც არაფერი დაუზოგავს საკუთარი შვილის გადასარჩენად. მან რამდენჯერმე მიმართა თავისი ვაჟის შეწყალების თხოვნით ადოლფ ჰიტლერსა და ჰაინრიხ ჰიმლერს. თუმცა მიზანთროპმა ნაცისტებმა სახელოვანი თანამემამულე მეცნიერის ამაღელვებელი თხოვნა ყურად არ იღეს. შედეგად, ერვინი 1945 წელს – დახვრიტეს.
1944 წლის ზამთარში მოკავშირეთა ავიაციის დაბომბვის არეში პლანკის საცხოვრებელი სახლიც მოექცა. დაბომბვის შედეგად წარმოქმნილმა ხანძარმა, სამწუხაროდ, სრულად შთანთქა ისედაც გაუბედურებული მეცნიერის სახლ-კარი. სახლ-კარის განადგურებას პლანკი ისე არ მისტიროდა, როგორც იმ დღიურების, ნაშრომებისა და ჩანაწერებისა, რომელთა საწარმოებლადაც მას მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრება ჰქონდა მიძღვნილი.
მეცნიერის-და საუბედუროდ, მის მეორე (დროებით) საცხოვრებელ სახლსაც მოკავშირეთა ავიაციის მიერ ჩამოგდებული ბომბი დაეცა და გაანადგურა. ყოვლად იავარყოფილ მაქს პლანკს რამდენიმე ხანი ტყეში მოუხდა ცხოვრება მეუღლესთან ერთად. შემდეგ პლანკების წყვილმა თავი ერთ-ერთი მერძევის ოჯახს შეაფარა.
საბოლოო ჯამში, მაქსი ამ საშინელი ყოფიდან მისმა ამერიკელმა კოლეგამ – რობერტ პოლმა იხსნა, ვისი უშუალო ძალისხმევითაც სახელოვანი სწავლული მეუღლესთან ერთად უსაფრთხო გერმანულ ქალაქ გეტინგენში იქნა გადაყვანილი. – (ავტორი გენია.ჯი)
ერვინ პლანკი