გაბდულა ტუკაი – „ეპიზოდი”
მიუხედავად უმძიმესი ბავშვობისა, ხელმოკლეობისა და სხვა ათასგვარი ცხოვრებისეული პრობლემისა, თათრეთის სახალხო პოეტი - გაბდულა ტუკაი (1886-1913 წლები), მაინც ახერხებდა პატარაობიდანვე შეეგროვებინა დიდი გულმოდგინებით წიგნები. (ავტორი გენია.ჯი) ამის შედეგად, დროთა განმავლობაში ტუკაიმ შესანიშნავი ბიბლიოთეკის შეკოწიწება შესძლო. წიგნის განსაკუთრებული სიყვარული გაბდულას საცხოვრებელ ოთახში შესვლისთანავე იგრძნობოდაო, – შენიშნავდნენ ერთნი; თითოეული ადგილი ოთახისა, წიგნებით იყო გადაჭედილიო, – შენიშნავდნენ მეორენი; უდროოდ, სულ რაღაც ოცდაშვიდიოდე წლის ასაკში გარდაცვლილი პოეტის ოთახი, ნამდვილი ბიბლიოთეკა იყოო, – შენიშნავენ მესამენი.
კეთილშობილი ბუნებით გამორჩეულ გაბდულას ერთი უცნაური, თუმცა-კი, მართლაც რომ დიდებული თვისება ახასიათებდა: იგი ყოველნაირად ცდილობდა განათლება გაევრცელებინა ადგილობრივ მოსახლეობაში. ამ მიზნით მან ერთი უჩვეულო მეთოდი შეიმუშავა: სახლიდან გასვლის დროს, ყოველთვის ღია ტოვებდა კარებს, რათა მის მეზობლებს სურვილის გაჩენის შემთხვევაში თავისუფალი წვდომის შესაძლებლობა ჰქონოდათ გაბდულას შესანიშნავ ბიბლიოთეკასთან მისი არყოფნის ჟამს. ისინიც არ ზარდებოდნენ და მიჰქონდათ და მიჰქონდათ წიგნები… ბევრი მათგანი აბრუნებდა წიგნს უკანვე, ბევრიც – არა. პოეტის გარდაცვალების შემდეგ, მისი დიდებული ბიბლიოთეკა ჯერ უყურადღებოდ დარჩა, შემდეგ კი საერთოდ განიავდა. – (ავტორი გენია.ჯი)