„მარადიული ქალაქის” ისტორიული ჩანახატი…
„დრო-ჟამის ქარცეცხლის წინაშე ქედუხრელად მდგომ „მარადიულ ქალაქში” საუკუნეების განმავლობაში წყდებოდა მსოფლიოს შორეულ კუთხეებში დამკვიდრებული ხალხების ბედი. რომში ერკინებოდა ერთმანეთს სახალხო ტრიბუნთა მგზნებარე აზრები და ტირანთა გაბოროტებული სურვილები, სიდიადისა და დაცემულობის, შთაგონებისა და სიმდაბლის, სათნოებისა და გულქვაობის ვნებები. რამდენი ისტორიული სპექტაკლი გათამაშებულა იქ და რამდენი შემაძრწუნებელი სისხლიანი სანახაობა.
იქ ერთნი საზეიმოდ აცხადებდნენ – „თავისუფალ სახელმწიფოში აზრიცა და ენაც თავისუფალი უნდა იყოსო”, მეორენი კი ცინიკურად ამტკიცებდნენ – „რესპუბლიკა არარაობაა, უსხეულო და უსახო ცარიელი სახელიო”;
იქ სახალხო აღიარებით გრძნობამორეულ ტრიუმფატორებს ბედნიერების ცრემლი უკიაფებდათ თვალებში, სხვანი კი იმ ადგილს აბუჩად იგდებდნენ იქამდეც კი, რომ საკუთარი ცხენის კონსულად გამოცხადებაზე ფიქრობდნენ;
იქ იმპერატორები თვალხუჭობანას ეთამაშებოდნენ მონა-ბავშვებს და ამავე დროს დაუნდობელ ლეგიონებს გზავნიდნენ შორეული ქვეყნების დასაპყრობად და მთელი ხალხებისათვის მონობის ხუნდის დასადებად;
იქ თანადგომასა და მფარველობას უცხადებდნენ ფილოსოფოსებსა და პოეტებს, იმავ დროს თავს აწამვლინებდნენ დიდ მოაზროვნეებს, კოცონზე დასაწვავად იმეტებდნენ მათი უკვდავი ნაფიქრით სავსე ფოლიანტებს. მიიჩნევდნენ, რომ პოეტებისათვის სახელმწიფოში ადგილი არ უნდა ყოფილიყო;
იქ იცემოდა ედიქტები ფუფუნების წინააღმდეგ, მაგრამ მათი გამომცემელნი ხშირად წყლის ნაცვლად სვამდნენ ძმარში გაძრულ მარგალიტებს, ერთ ლხინს ახმარდნენ 10 მილიონ სესტერცს – თითქმის სამი პროვინციის წლიურ შემოსავალს, სინდისის დასამშვიდებლად კი აცხადებდნენ – „ფულს სუნი არ უდისო;
იქ სხვა გამოთქმაც უყვარდათ – „მტრის გვამი არ ყარსო”, მაგრამ ტირანი გაოცებას ვერ მალავდა, როცა დაშნაშემართულ შეთქმულთა შორის დაახლოებულ ადამიანსაც ხედავდა – „შენცა, შვილო ჩემო?!”
იქ ნებაყოფლობითაც ტოვებდნენ იმპერატორის ტახტს, რათა განუზომელი ძალაუფლების უარმყოფელი, უბრალო მიწის მუშა გამხდარიყო და საკუთარი ხელით მოყვანილი კომბოსტოს თავით ეამაყა. სხვა კიდევ ბრძანებას იძლეოდა დაპყრობილი საბრძნეთიდან ჩამოტანილი ფიდიასის ოლიმპიელი ზევსის ხელთუქმნელი ძეგლისათვის გიჟური აზრებით გატენილი იმპერატორის თავი დაედგათ;
იქ ერთი სასახლის დარბაზში იკეტებოდა და მთელი დღე ბუზების ჭერით ერთობოდა, მეორეს კი თავში საოცრად ბრძნული, უკვდავი აზრები მოსდიოდა და ღვთაებრივ ლექსებს წერდა;
იქ ოხრავდნენ კეთილი საქმის ქმნის გარეშე ჩავლილ დღეზე – „მეგობრებო” მე დავკარგე დღე!” და ამავე დროს გულგაბოროტებასაც ვერ მალავდნენ – „ჩემი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი წყალს წაუღიაო”;
იქ კანონით კრძალავდნენ პირზე კოცნას შეხვედრის დროს და ამავე დროს ღმერთების მსგავსად მორთული იმპერატორები და პატრიციები ეძლეოდნენ უგვანო ორგიებს, არ სჯერდებოდნენ ღვიძლ დედასთან თუ დასთან სარეცლის გაყოფას და ავადმყოფურად ვნებამორეულნი, საწოლში სავსე მთვარესაც უხმობდნენ;
იქ ერთი სიკვდილს სტოიკურად ფეხზე მდგომი ხვდებოდა იმის რწმენით, რომ დაჰკრა მისი ღმერთად გახდომის ჟამმა, მეორე კი აღსასრულის წინ იხსნიდა ნიღაბს – „ო, რა დიდი მსახიობი კვდება!”
იქ ერთი სიამაყის გრძნობით აცხადებდა – „აგურისაგან აშენებული რომი ჩავიბარე, მარმარილოსას ვტოვებო”, მეორე კი ასეთ ქალაქს ცეცხლის ხანძარში ხვევდა, რათა კოშკიდან ეცქირა ადამიანთა გენიით შექმნილი საოცრების დაფერფლისათვის და თან გიჟივით ემღერა…
ამიტომაც სტკენს ბევრს გულს შენი სიმკაცრე და დაუნდობლობა „მარადიულო ქალაქო”, მაგრამ აღტაცებას მაინც ვერაფრით მალავენ შენი სიდიადის წინაშე, რომლის მხოლოდ ნანგრევებიც რომ გვაოცებენ!..”