აბდულაზიზის შესახებ…
ოსმალეთის იმპერიის რიგით 32-ე სულთანი – აბდულაზიზი (1830-1876 წლები), პირველი ოსმალო მბრძანებელი გახლდათ, ვინც ევროპას ეწვია ოფიციალური ვიზიტით XIX საუკუნის დამლევს. როგორც აღმოჩნდა, ეგზოტიკური აზიელი მონარქის პირველმა ევროპულმა ვოიაჟმა სრული ფურორი გამოიწვია ევროპელ მონარქებსა და ზოგადად რომ ვთქვათ, ევროპელებში. (ავტორი გენია.ჯი) უკიდურესად შეზღუდული მსოფლმხედველობის მქონე ემციური სულთანი, რომლისთვისაც თავშეუკავებლობა, მედიდურობა და ისტერიკა დამახასიათებელ თვისებებად იყო ქცეული, პარიზის მსოფლიო გამოფენაზე პირადად საფრანგეთის იმპერატორის – ნაპოლეონ III ბონაპარტის მიწვევით იმყოფებოდა. ევროპამ ყოვლად უვიც და უპრინციპო სულთანზე ნამდვილი შოკური თერაპია მოახდინა. იგი მოიხიბლა ევროპელი მეფეების სასახლის კარზე გამეფებული ჭარბი ფუფუნებითა და მდიდარი ევროპული კულტურით. თუმცა, ოსმალო მბრძანებელზე განსაკუთრებული წარმოდგენა მაინც ოპერის თეატრებმა და იქ დადგმულმა ვარიეტებმა იქონიეს. იმ ვარიეტებმა, სადაც მშვენიერი გარეგნობის მქონე გრძელფეხება მსახიობი ქალები იღებდნენ მონაწილეობას.
სულთნისა და მისი ოჯახის წევრების ვიზიტი ევროპაში თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდა. მბრძანებლის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ოსმალო მინისტრებმა თავში იცეს ხელი, რადგან აბდულაზიზმა ევროპული ყაიდით ცხოვრებას მიანიჭა უპირატესობა. ეს კი, თავის მხრივ, სახელმწიფო ხაზინისაგან განუზმოლად დიდ თანხებს ითხოვდა. „ოსმალეთის იმპერიის მინისტრებს ის შედეგები რომ გაეთვალათ, რაც აბდულაზიზის ევროპულ ვიზიტს მოჰყვებოდა თან, ყოველხრივ ეცდებოდნენ ამ ვიზიტის დიპლომატიური გზებით ჩაშლასო”. – სამართლიანად შენიშნავენ ისტორიკოსები.
ევროპელ მონარქთა სასახლეების ბრწყინვალებით გონებაარეულმა აბდულაზიზმა მიზნად დაისახა, ფუფუნებით მისი ევროპელი კოლეგები დაეჯაბნა. ამიტომაც აშენდა კონსტანტინოპოლში მრავალი მდიდრული სასახლე (მარტო ერთ ასეთ სასახლეში მას 2 500 ლაქია ემსახურებოდა), სადაც მასობრივად დაიწყო დაუსრულებელი მდიდრული ბალ-მასკარადები, რომელშიაც მონაწილეობას იღებდა ასეულობით ოსმალო დიდებული. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ბალ-მასკარადს სულთნის სამეფო კარზე 400 მუსიკოსისაგან დაკომპლექტებული ანსამბლი აფორმებდა მუსიკალურად. იმისათვის, რომ ევროპულ „კულტურულ დონეს” სათანადოდ გათანაბრებოდა, აბდულაზიზის ბრძანებით ათეულობით როიალი იქნა ნაყიდი და ჩამოტანილი ინგლისიდან. თუმცა, მათი უდიდესი ნაწილი პიანისტების არ არსებობის გამო, „უსაქმოდ” ცდებოდა წლების განმავლობაში სულთნის მდიდრულ სასახლეებში.
ევროპელ მონარქთა მიმბაძველობამ განუსაზღვრელი ძალაუფლებით გაამპარტავნებულ სულთანს ისიც კი აბრძანებინა, რომ მისი პორტრეტები ყველა საჯარო დაწესებულებაში გამოეფინათ (მანამდე ასეთი ფაქტი ყოვლად დაუშვებელი იყო).
ცნობილია ისიც, რომ კარგი სპორტული ფიზიკური მონაცემების მქონე აბდულაზიზი – „მამლების ორთაბრძოლაზე” აფანატებდა. იგი არა მხოლოდ ესწრებოდა მათ შორის გამართულ ორთაბრძოლებს, არამედ პირადადაც აწყობდა მათ. სულთნის გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდულობა ყველასათვის ცნობილი ფაქტი იყო, თუმცა ამ გარემოებამ ყველაზე მეტად მაინც მაშინ იჩინა თავი, როდესაც „მამლების ორთაბრძოლაში” გამარჯვებული ჩემპიონი მამლების დაჯილდოვება აბდულაზიზმა – ყველაზე პრესტიჟული და საპატიო სახელმწიფო ორდენებით დაიწყო.
ოსმალეთის რიგით 32-ე სულთანს გონებაში ყოველთვის მის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება ელანდებოდა. მოწამვლა – აი, ყველაზე მეტად რას უფრთხოდა მოხარშული კვრეცხის მოყვარული აბდულაზიზი. ერთადერთი, ვისი ხელითაც მოხარშულ კვერცხს ჭამდა იგი, დედამისი იყო. ფერთევნიალ სულთანის მიერ მოხარშული კვრეცხი სპეციალურად იფუთებოდა და შემდეგ ბეჭდით იდაღებოდა. მისი გახსნის უფლების პრივილეგია მხოლოდ აბდულაზიზს გააჩნდა.
იმ პერიოდში, როდესაც აბდულაზიზი განაგებდა ოსმალეთის იმპერიას, ქვეყნის საგარეო ვალი 50-ჯერ იქნა გაზრდილი. შედეგად, 1876 წელს სულთნის ქვეშევრდომების მოთმინების ფიალა აივსო, რის შედეგადაც იგი აიძულეს სამეფო ტახტი დაეტოვებინა.
აბდულაზიზის გარდაცვალების მიზეზად ოფიციალურად თვითმკვლელობაა დასახელებული, თუმცა სხვა და ბევრად უფრო სანდო ვერსიის თანახმად, სულთანი – მოკლეს. – (ავტორი გენია.ჯი)