ტოგა – „ეპიზოდი”
ძველ რომში მამაკაცის ტრადიციული სამოსი – ტოგა, იმდენად დიდ ფასეულობად აღიქმებოდა, რომ მისი მოხმარების უფლება „მარადიული ქალაქის” ანუ რომის მოქალაქის გარდა, არავის გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ, ტოგა წარმოადგენდა 6 მეტრი სიგრძის ოვალური ფორმის თეთრი შალის ნაჭერს, რომელსაც ტუნიკის ზემოთ იცმევდნენ. აღნიშნულ სამოსს რომაელები ყოველთვის და ყველგან არ ატარებდნენ. თუმცა, ისეთ ღონისძიებებს, როგორებიც იყო გლადიატორთა ორთაბრძოლები, სენატში გამოსვლები, მსხვერპლთშეწირვა (რელიგიური რიტუალები), ქორწილები და დაკრძალვები, ისინი უეჭველი ტოგით მოსილნი უნდა დასწრებოდნენ. ის კი არა და, ასეთი სახის ღონისძიებებს სპეციალური მეთვალყურეებიც კი ადევნებდნენ თვალყურს, რათა დადგენილი წესი არავის დაერღვია. ასეთი იყო იმ დროინდელი რომაელი მოქალაქის უცილობელი ვალდებულება.
ტოგის სათანადო წესით ჩაცმა იმთავითვე რთულ ხელოვნებას წარმოადგენდა, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა ვერაფრით ვერ დაეუფლა. ამიტომაც ფასობდა ბაზარზე დიდ ფულად ისეთი მონები, რომლებიც ტოგის ჩაცმაში იყვნენ დაოსტატებულნი. გარდა ტოგის სათანადო წესით ჩაცმისა, ოსტატ-მონებს ასევე შეეძლოთ, თავიანთი მეპატრონის სამოსში შიდა მხრიდან უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი ჯიბეების გაკეთებაც, რომლებშიაც შემდგომ (საჭიორებისდამიხედვით) კარგად იმალებოდა ან მახვილი, ან საიდუმლო შინაარსის წერილი, ან კიდევ შხამით სავსე ფლაკონი. ასეთი წესით ტოგაში გადამალულმა ბასრმა მახვილებმა, საიდუმლო წერილებმა და შხამით სავსე ფლაკონებმა კი, როგორც ცნობილია, უდიდესი როლი ითამაშეს ამ უდიადესი ისტორიის მქონე ქვეყნის მომავალზე.
იმ შემთხვევაში, თუ რომაული სამართალი მოქალაქეს რაიმე უმსგავსი საქციელისთვის რომიდან გააძევებდა, დამნაშავე სამარადჟამოდ ეთხოვებოდა ტოგის ტარების უფლებას. უცხოელებს კი, ამ სამოსის ჩაცმის პრივილეგია არასოდეს არ მინიჭებიათ „მარადიულ ქალაქში”.
„მსოფლიოს მბრძანებლები, ხალხი, მოსილი ტოგით”. – ასე მოიხსენია გენიალურმა ძველ რომაელმა პოეტმა – ვერგილიუსმა „მარადიული ქალაქის” მკვიდრნი თავის დროზე, რაც კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდად ფასობდა რომაელთათვის ტოგა. – (ავტორი გენია.ჯი)