მაქსიმილიან რობესპიერი – „ეპიზოდი”
თავდაპირველად იმით დავიწყოთ, რომ სანამ მაქსიმილიან რობესპიერი (1758-1794 წლები) რევოლუციურ მოძრაობაში ჩაერთვებოდა, საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მისი არსებობა უცნობი იყო. „მანამდე ის – არაფერს არ წარმოადგენდაო”, – ამიტომაც შენიშნავდნენ გესლიანად ფრანგი პოლიტიკოსის ავისმოსურნეები თავის დროზე. (ავტორი გენია.ჯი) პროვინციელი ადვოკატის ანგარიშზე სულ რამდენიმე გახმაურებული საქმე იყო და ის საქმეებიც თავად ცბიერმა ვექილმა გაახმაურა პრესის საშუალებით. კარიერისტმა პროვინციელმა ადვოკატმა სასამართლო ტრიბუნა – პოლიტიკურ ტრიბუნად აქცია. ამით იგი ცდილობდა საზოგადოების ფართო მასების ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო.
ცნობილი აქსიომაა, რომ კარგ ორატორს სიტყვაც კარგად უნდა უჭრიდეს. ამ მხრივ კი, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, რობესპიერი დიდ პრობლემებს აწყდებოდა. არა, მჭერმეტყველება აქ არაფერ შუაშია… პრობლემებს აწყდებოდა, რადგან იგი გამოირჩეოდა „ძალიან მშვიდი და ამავე დროს ერთობ არასასიამოვნო ხმის ტემბრით”. სხვა ორატორების ფონზე, მისი ჩუმი და არასასიამოვნო ხმა თითქმის არასოდეს ისმოდა სათანადოდ ხალხში. ამიტომაც ვერ ხედავდნენ თავდაპირველად მასში რაიმე პერსპექტივას მაქსიმილიანის თანამედროვეები. ერთადერთი, ვინც საწინააღმდეგო აზრს ადგა, ცნობილი ფრანგი რევოლუციონერი და პოლიტიკოსი – ონორე გაბრიელ მირაბო გახლდათ. იგი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ გონიერი და შორსმჭვრეტელი რობესპიერი კარგი ორატორობის გარეშეც ბევრს მიაღწევდა პოლიტიკურ ასპარეზზე.
აქტიურ იაკობინელად ქცევამ მაქსიმილიანს არა მარტო ცნობადობა შესძინა, არამედ დიდი გავლენებიც. მალე იგი თავად იქცა იაკობინელთა ლიდერად. და, რადგანაც იცოდა, რომ ხალხის მასებზე გაცილებით დიდ გავლენას ახდენდა მის მიერ ქაღალდზე დატანილი ტექსტები, ვიდრე მისივე უღიმღამო სიტყვით გამოსვლები, იგი ტრიბუნაზე გამოსვლას ყოველთვის ერიდებოდა (მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა) და ამჯობინებდა წერილობითი ტექსტებით გაეცნო თავისი პოლიტიკური შეხედულებები კოლეგებისა და საზოგადოებისთვის. მას შემდეგ, რაც ძალაუფლება იგდო ხელთ, მაქსიმილიანი ეროვნულ კონვენტს თავის გადაწყვეტილებებს რიგ პოლიტიკურ საკითხებზე ძირითადად იაკობინელთა მეშვეობით აცნობდა. – (ავტორი გენია.ჯი)