სუბუდაი – „ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მონღოლი დამპყრობლის – ჩინგიზ ყაენის ძლევამოსილი არმიის საუკეთესო მხედართმთავრად - სუბუდაი (1175-1248 წლები) მიიჩნეოდა. დიდი ყაენის სამსახურში ჩამდგარმა სუბუდაიმ, თავისი ერთგულებით, სიმამაცითა და სამხედრო საქმის არაჩვეულებრივი ცოდნით მონღოლი მბრძანებლის განსაკუთრებული ნდობა დაიმსახურა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, ღარიბი მჭედლის ოჯახში დაბადებული კაცი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნოინად და სამხედრო ფეოდალად იქცა მონღოლეთის უზარმაზარ იმპერიაში. იგი იყო ადამიანი, ვისაც ელვის უსწრაფესად შეეძლო ბრძოლის ველზე აღმოეჩინა სუსტი მხარეები მტრის არმიის განლაგებაში. ამ გარემოებით შემდგომ გენიალური სამხედრო სტრატეგი ყოველთვის შესანიშნავად სარგებლობდა. მან მონაწილეობა მიიღო დიდი ყაენის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ლაშქრობაში. მის სახელთან (მეორე მონღოლ მხედართმთავარ – ჯვებესთან ერთად) არის ასევე დაკავშირებული დასავლეთის ქვეყნებისკენ დაძრული პირველი მოთარეშე, მზვერავი მონღოლური ჯარის სარდლობა, რომელმაც შემდგომში ევროპას (მათ შორის საქართველოსაც) ცეცხლისა და მახვილის წვიმა დაატეხა თავს.
სუბუდაი წარმოადგენდა იმ პირველ მონღოლ სარდალსაც კაცობრიობის ისტორიაში, ვინაც დენთის გამოყენება დაიწყო სამხედრო მიზნებისათვის. მანამდე დენთს მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულება გააჩნდა. „მშობლიურ ჩინეთში” დენთი ძირითადად რელიგიური და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებების აღსანიშნავად გამოიყენებოდა ფოიერვერკებში.
გარდა ამისა, სწორედ რომ სუბუდაი გახლდათ ის პირველი სარდალიც მონღოლთა არმიისა, ვინაც კარგად გაითავისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სამხედრო ტექნოლოგიის განვითარებას მომავალი წარმატებების მოპოვების საქმეში. მან ყაენი დაარწმუნა, რომ ამა თუ იმ ქალაქის ასაღებად საალყო მანქანები ბევრად უფრო მოსახერხებელ საშუალებას წარმოადგენდნენ. შედეგად, საალყო მანქანების გამოყენებით აიღო მონღოლთა არმიამ შუა აზიის უმნიშვნელოვანესი ქალაქი – ბუხარა.
სუდებეიმ 73 წელიწადი იცოცხლა, რაც შუა საუკუნეებში სიცოცხლის სარეკორდო მაჩვენებლად იყო მიჩნეული (იმ პერიოდის მონღოლეთში 40 წლის მამაკაცს ხანდაზმულ ადამიანად განიხილავდნენ). ეს მით უფრო გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მონღოლ მხედართმთავრს არაერთი ჭრილობა ჰქონდა ბრძოლის ველზე მიღებული. მათ შორის მძიმე ჭრილობებიც. მარტო ჩინეთის დალაშქრის დროს სუბუდაი სამჯერ დაიჭრა. ერთი ჭრილობა მას ფილტვებში ჰქონდა მიყენებული მშვილდიდან ნატყორცნი ისრით. მედიკოსები დღემდე ვერ მალავენ გაოცებას, თუ რა გზით გადაირჩინა სიცოცხლე სუბუდაიმ მაშინ, როდესაც მედიცინა სრულიად უძლური იყო ასეთი სახის ჭრილობის განსაკურნებლად. ფაქტია, რომ ჩინგიზ ყაენის საუკეთესო მხედართმთავარმა, მიუხედავად უამრავი სისხლისმღვრელი ომებისა, მაინც ხანგრძლივი გზა განვლო სიცოცხლისა. – (ავტორი გენია.ჯი)