ელისაბედ I – „ეპიზოდი”
ერთადერთი ქალბატონი, ვისაც „ქალწულ დედოფლად” წოდებული ელისაბედ I ტიუდორის (1533-1603 წლები) სამეფო კარზე უნდა ებრწყინა, თავად დედოფალი ელისაბედი იყო. სხვა მანდილოსანს, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, კატეგორიულად ეკრძალებოდა დედოფლის ბრწინვალების დაჩრდილვა. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდის მოდის კანონმდებლის უმშვენიერეს და ერთგულ ფრეილინებს არა მხოლოდ არ უნდა დაეჩრდილათ თავიანთი სამოსით დედოფლის ბრწყინვალება, არამედ რაღაცით უნდა შეევსოთ კიდეც იგი. ის კი არა და, ამ მიზნით, ელისაბედის მსახურ ქალებს მისი მეფობის უკანასკნელ ჟამს თეთრი და ვერცხლისფერი სამოსის გარდა, სხვა ფერის ტანისამოსის ტარება საერთოდ აეკრძალათ. შედეგად, არაერთხელ დაიჩრდილა ფრეილინების უზადო მშვენიერება არც თუ ისე სასიამოვნო გარეგნობის მქონე ელისაბედის მდიდრული კაბებებით, რომლებიც თავის მხრივ, მრავალფეროვანი და თვალისმომჭრელი ძვირფასი ქვების აკიდოებით იყვნენ მოჭედილნი.
ელისაბედს უამრავი მშვენიერი გარეგნობის მქონე ფრეილინა ემსახურებოდა. მათი სილამაზე საგულდაგულოდ შეპუდრული დედოფლის ფონზე მართლაც რომ არ უნდა დარჩენოდა შეუმჩნეველი. მაგრამ, საკვირველია, რომ რჩებოდა… რჩებოდა, რადგან ასეთი იყო ნება ელისაბედისა: მხოლოდ იგი უნდა ყოფილიყო შესამჩნევი; მხოლოდ ის უნდა მოქცეულიყო ყურადღების ცენტრში.
ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს ელჩს ერთხელ ჰკითხეს, რა წარმოდგენა გააჩნდა მას ელისაბედის პირმშვენიერ ფრეილინებზე. დასმულ შეკითხვას დიპლომატმა ერთობ დარცხვენილმა უპასუხა: „ – თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი მე არც კი შემიმჩნევია, რადგან ასეთ შემთხვევაში მთელი ჩემი ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ ელისაბედისაკენ იყო მიპყრობილი”. – (ავტორი გენია.ჯი)