კარლოს I დიდი – „ეპიზოდი”
„თანამედროვე ევროპის მამად” წოდებული საღვთო რომის იმპერატორი – კარლოს I დიდი (742-814 წლები), განსაკუთრებული მადით გამორჩეული გურმანი გახლდათ. კარლოსის ბიოგრაფის – ეგინჰარდის ცნობით, იმპერატორი ჭამდა ძალიან ბევრს და ამასთანავე, ყოველ ჯერზე გეახლებოდათ მხოლოდ და მხოლოდ უგემრიელეს, მისთვის რჩეულ კერძებს. (ავტორი გენია.ჯი) კარლოსი თევზის მოყვარულ მონარქს წარმოადგენდა. უპირატესობას თევზების სახეობებში – ჩვეულებრივ გველთევზას ანიჭებდა. გარდა თევზისა, იმპერატორს ხორცით შეზავებული კერძებიც მოსწონდა. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ეგზოტიკური ფრინველისაგან – ფარშავანგისაგნ დამზადებულ კერძებს სამეფო სუფრაზე პირველმა სწორედ რომ კარლოსმა მიუჩინა ადგილი. შედეგად, ფარშავანგის ხორცისაგან დამზადებულმა კერძებმა დროთა განმავლობაში – ევროპელი მმართველების კვების მენიუში ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი.
საყოველთაოდ ცნობილი ფრანგული ყველი – „როკფორი”, რომლის თავდაპირველი დამზადებაც საოცარი ლეგენდის სამოსელით არის მოცული, კარლოსის „ფავორიტ” ყველად იყო მიჩნეული.
საინტერესოა ისიც, რომ საღვთო რომის სახელოვან იმპერატორთან ასოცირდება თანამედროვე შვაბიაში, ვესტფალიასა და საქსონიაში დღეისათვის ერთობ პოპულარული ხორციანი კერძის – „ზაუერბრატენი”-ს გამოგონებაც. გარდა ამისა, კარლოსი გახლავთ ავტორი სუფრაზე დაწესებული ერთი უმნიშვნელოვანესი წესისა: უწინდელისაგან განსხვავებით, ხელის თითებით ჭამის „ველური” პრაქტიკა აიკრძალა. იმისათვის, რომ სამეფო სუფრაზე მყოფ ადამიანს ესა თუ ის კერძი დაეგემოვნებინა, ამისათვის მას მინიმუმ დანა მაინც უნდა გამოეყენებინა.
კარგ სუფრას და გემოვნებიან კერძებს სურნელიც შესაბამისი უხდება. ამიტომაც დაიწყეს კარლოს დიდის უშუალო ინიციატივით სამეფო სუფრებზე ვარდის ფურცლების უხვად მოფენა, რაც კიდევ უფრო უღვიძებდა მადას გურმან ფრანკ მეფეს. – (ავტორი გენია.ჯი)