ჯაკომო პუჩინი – „ეპიზოდი”
„ჯუზეპე ვერდის მემკვიდრედ” წოდებული გენიალური იტალიელი კომპოზიტორი და ორღანისტი – ჯაკომო პუჩინი (1858-1924 წლები), ვინაც იმ პერიოდის იტალიაში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იყო მიჩნეული, მუსიკის გარდა მოგზაურობის, ნადირობის, ლამაზი ქალების, ძვირფასი ტანისამოსის, თამბაქოს, სიჩქარის, ველოსიპედების, ცხენების, ძაღლებისა და ავტომობილების თავგადაკლული მოყვარული ხელოვანი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, როგორც ამბობენ, ამ უმდიდრეს კომპოზიტორს განსაკუთრებით მაინც ღრმად კომფორტული საყოფაცხოვრებო პირობები იტაცებდა.
1900 წელს ჯაკომომ ტოსკანურ ტორე-დე-ლაგოში ერთობ მდიდრული საზაფხულო აგარაკი აიშენა მასაჩუკოლის ტბის სანაპიროზე (ქვემოთ განთავსებული სურათი). მუსიკალური მეტრის ახლადაშენებულ სახლში გაყვანილი იქნა ელექტროენერგია, რაც მაშინ დიდი იშვიათობა იყო და ამასთანავე, სოლიდური თანხაც ჯდებოდა. გარდა ამისა, მთელ სახლში დამონტაჟდა გათბობის სისტემა, ხოლო ბაღები აღიჭურვა სპეციალური სარწყავი სისტემით. კომპოზიტორის ბინის შესასვლელი კარი კი, ურთულესი კონსტრუქციისაგან შედგებოდა და ავტომატურად იღებოდა.
ახალ სახლში გადასვლა კომპიზიტორმა თავისებურად აღნიშნა: სწორედ მაშინ (1901 წელს) იყიდა პუჩინიმ პირველად ავტომობილი. ეს გახლდათ ხუთი ცხენის ძალის მქონე ფრანგული ავტომობილი – „De Dion Bouton”, რომელშიაც მუსიკოსმა 3 800 ლივრი გადაიხადა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მან ბევრად უფრო ადრე შეიძინა ეს უახლესი სატრანსპორტო საშუალება, ვიდრე თვით იტალიის მეფემ.
რიგი წყაროებისა ირწმუნება, რომ იტალიელი მუსიკოსის ქონება 1924 წლისათვის 100 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც მას საშუალებას აძლევდა პირად კომფორტზე არასოდეს ეთქვა უარი. – (ავტორი გენია.ჯი)