ნიკო სამადაშვილი – „უკუღმართობა”
რა ექნა, იყო ქვა თუ ზეკაცი,
ვისთვისაც ზეცა დაპატარავდა.
ვისაც არ ჰქონდა სარკმელი მზისკენ
და რიჟრაჟებში შუქს იპარავდა!
* * *
რა ექნა იმას, მგზავრო, მითხარი,
ვინც ძვლების ცეცხლი ვერ დაიყოვნა?
ვინც იწანწალა მიწაზე დიდხანს
და თავის ჩრდილიც ვეღარ იპოვნა?!
* * *
ვინც ამ ხრიოკებს ყნოსავდა მარად,
ვით ტყის ნადირი, ვით საყდრის გლახა.
ვინც მთებს ზევიდან მოსდევდა ბარად,
რომ გზებს შეჰყროდა და ევაგლახა.
* * *
ვისაც გაუწყდა ლოცვით ილაჯი,
ჩასწყდა ბავშვობა, ყრმობა, კრებული,
ვისაც გრიგალმა ვერ მოაგლიჯა
წყვდიადი მკერდზე დამაგრებული?!
* * *
რა ექნება იმას, ვინც ქვესკნელშიაც
სივრცეებს თვალი ვერ მოარიდა!
ვინც პირქვე ეგდო ან სიცოცხლიდან
თუ გინდ ვარსკვლავებს გაღმა გაფრინდა.
* * *
ვინც დადიოდა ცრემლგაწუწული,
და კრიჭაშეკრულს სძულდა სუყველა…
ხედავ, რას ჩადის გულქვა საწუთრო
და ყინულივით გულქვა ქვეყანა!