ნაალაფარის განაწილების წესი მონღოლურად – „ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მონღოლი მხედართმთავრის – ჩინგიზ-ყაენის ძლევამოსილ და სასტიკ არმიას, ახლად დაპყრობილი ქალაქების ძარცვისა და ნაძარცვი ქონების გაყოფა-განაწილების ერთობ საინტერესო მეთოდი ჰქონდა შემუშავებული. (ავტორი გენია.ჯი) მონღოლთა მზარდი იმპერიის მოქალაქეებისათვის, რომლებიც კვლავინდებურად პირველყოფილი წესებით განაგრძობდნენ ცხოვრებას, დაპყრობილი ხალხებიდან გამოზიდულ ზღაპრულ სიმდიდრეს უდიდესი ფასეულობა გააჩნდა. ამიტომაც ცდილობდა გონიერი ყაენი გაემდიდრებინა და ყველაფრით უზრუნველყოფილი გაეხადა არა მხოლოდ თითოეული თავისი მეომარი, არამედ მათი ოჯახის წევრებიც. შედეგად, ჩინგიზ-ყაენის ათწლიანი ლაშქრობების შემდეგ მონღოლთა იურტები სავსე იყო ჩინური აბრეშუმის ქსოვილებით, ფაიფურის ძვირფასი ლარნაკებით, ლაქის ყუთებითა და სხვა ათასგვარი ფუფუნების საგნებით.
თავდაპირველად მონღოლებს დაპყრობილი ქალაქების ძარცვის შემდეგი სცენარი გააჩნდათ: ასეთ შემთხვევას ისინი – ჯგუფურ ნადირობად განიხილავდნენ და ნაძარცვსაც ყველანი ინაწილებდნენ. ნაალაფარის 10% ყაენს ეკუთვნოდა. დანარჩენი კი სამხედრო ჩინების მიხედვით ნაწილდებოდა. საყურადღებოა ის გარემოებაც, თათრებზე გამარჯვების შემდეგ მონღოლებმა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანეს დადგენილ წესში: ამიერიდან ნაალაფარის სოლიდური წილი გადაეცემოდა – ქვრივ-ობლებსაც.
მონღოლები ტყვეებსაც სამხედრო ნაალაფარად მიიჩნევდნენ. ისინი საგულდაგულოდ არჩევდნენ მათში ისეთი პროფესიის ადამიანებს, როგორებიც იყვნენ – მწერლები, ექიმები, ასტრონომები, მოსამართლეები, გამომგონებლები, ხელოვანები და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთი პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც შემდგომში ისინი საჭიროებისამებრ გამოიყენებდნენ. მეორე ჯგუფის ტყვეებში შედიოდნენ ამა თუ იმ საქმის ხელოსნები – თერძები, დურგლები, მღებავები, მშენებლები და სხვა.
იმ ტყვეებს კი, რომელთაც პროფესია არ გააჩნდათ, არა მხოლოდ მძიმე დატვირთვის მქონე ფიზიკური სამუშაოების შესრულებას აიძულებდნენ, არამედ ცოცხალ ფარადაც იყენებდნენ ამა თუ იმ ქალაქის შტურმის დროს. – (ავტორი გენია.ჯი)