„სატი” – (ეპიზოდი)
ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის მქონე ხალხში – ინდოელებში, დამკვიდრებული გახლდათ ქვრივების კოცონებზე ცოცხლად დაწვის ამაზრზენი პრაქტიკა. „სატი” – ასე მოიხსენიებდნენ ინდუიზმში გავრცელებულ ამ უსასტიკეს რიტუალს თვითდაწვისა, რომელიც ქვრივ-ქალებს უნდა აღესრულებინათ სპეციალურად მოწობილ „აუტოდაფეებზე”. (ავტორი გენია.ჯი) ისინი თავიანთ გარდაცვლილ მეუღლეებთან ერთად იწვოდნენ ცოხლად კოცონებზე – ნებით ან ძალადობრივად.
მოსალოდნელი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, რიტუალის ჩატარების წინ, უმეტესწილად, უბედურ მსხვერპლს ხელ-ფეხს უკრავდნენ.
ცივილიზებული ბრიტანელები შეძრული და გაოგნებული დატოვა „სატი”-ს შემაძრწუნებელმა რიტუალმა. მათ შოკში აგდებდა გაავებული ცეცხლის ალში გახვეული ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანების არაადამიანური, განწირული ხმები. და, რადგანაც ინდოეთის მართვა-გამგეობა მათ ხელში იყო, 1829 წელს გამოიცა კანონი, რომელიც კატეგორიულად კრძალავდა „სატი”-ს რიტუალის ჩატარებას. შედეგად, ამ უძველესი ტრადიციის მიმდევრები სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ბრიტანელი კოლონიალისტების მიერ შემოღებულმა ახალმა კანონმა ადგილობრივი მოსახლეობა შეაშფოთა. ამიტომაც ეწვია ერთხელ ბრაჰმანთა რჩეული დელეგაცია ერთ-ერთი ინდური შტატის ინგლისელ გუბერნატორს.
„ – ჩვენ ისედაც დაპყრობილი გყავართ, თქვენ. ჩვენგან დამოუკიდებლად, თქვენი ნება-სურვილისამებრ ზრდით გადასახადებს. ჩვენს გარეშე წერთ კანონებს. ახლა კი, ჩვენს წმინდა ტრადიციებშიც გადაგიწყვეტიათ ხელის ფათური! გთხოვთ, დაგვრთოთ უფლება იმისა, რომ დადგენილი წესისამებრ აღვასრულოთ ჩვენი უძველესი ტრადიციები”. – ასეთი იყო თხოვნა ბრაჰმანებისა გუბერნატორის მიმართ.
„ – ინგლისელები დიდ პატივს ვცემთ თქვენს ტრადიციებს. თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენცა გვაქვს ჩვენი ტრადიციები: როდესაც ვხედავთ, თუ როგორ მიერეკებიან აგიზგიზებულ კოცონებში ძალადობრივად ადამიანებს, მითუმეტეს – ქალებს, ჩვენი ტრადიცია გვავალდებულებს, მოძალადეები უმალვე დავაკავოთ და დავსაჯოთ.
ასე რომ, იმდენი სული დაწვით, რამდენიც გენებოთ. ჩვენ თქვენს ტრადიციებს პატივს ვცემთ, მაგრამ კარგად გაითვალისწინეთ ჩვენი ტრადიციებიც და ისიც, რომ თქვენს მიერ მოწყობილი კოცონების ირგვლივ – ჩვენს მიერ მოწყობილი სახრჩობელები იქნება განთავსებული”. – ასეთი ერთმნიშვნელოვანი პასუხით გაისტუმრა ბრაჰმანები ინგლისელმა გუბერნატორმა.
ინგლისელ კოლონიალისტთა მიერ ინდოეთში შემოღებულმა კანონმა „სატი”-ს რიტუალის აღსასრულში უდიდესი წვლილი დაიდო. „სატი” -ოფიციალური ცნობების თანახმად, წარსულს ჩაბარდა. – (ავტორი გენია.ჯი)