დიანა დე პუატიე – „ეპიზოდი”
საფრანგეთის მეფის – ანრი II დე ვალუას უმშვენიერესმა და უბერებელმა ოფიციალურმა „სამეფო” საყვარელმა - დიანა დე პუატიემ, საკუთარ მამულში, ანეტის ძვირფას სასახლეში განუტევა სული 1566 წლის 25 აპრილს. (ავტორი გენია.ჯი) ანრის გარდაცვალებამ გაფეტიშებულ დიანას ფრთები შეაჭრა: მისმა მოძულე ეკატერინე მედიჩიმ პუატიე პარიზიდან გააძევა და თან ქონებაც ჩამოართვა. ერთადერთი უძრავი ქონება, რომელიც ანრის საყვარელ ქალს შეარჩინა ეკატერინემ, ანეტის ძვირფასი სასახლე იყო. სწორედ ამის შემდგომ და ამიტომ გადაბარგდა საცხოვრებლად იქ დიანა (სხვათაშორის, ეს ძვირფასი სასახლეც დიანას მისმა მონარქმა საყვარელმა აჩუქა თავის დროზე).
თავისი დიდების ზენიტში მყოფი პუატიე – XVI საუკუნის საფრანგეთის ყველაზე მდიდარ ფრანგ-ქალად იქცა. მედიჩის მიერ განხორციელებული „ეგზეკუციის” მიუხედავად, მას მაინც შემორჩა დიდი ქონება. შედეგად, პოლიტიკურ მოღვაწეობასა და საზოგადოებრივ სარბიელს მოწყვეტილმა ყველაფრით უზრუნველყოფილმა ქალმა – მშვიდ და მყუდრო გარემოში განუტევა სული.
ამბობენ, მოსალოდნელი გარდუვალი ხვედრის – სიკვდილის წინ, პუატიემ თავისი ცოდვილი სულის ხსნაზე განსაკუთრებით იზრუნაო… სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს მისი უშუალო დაფინანსებით გახსნილი იქნა ობოლ-ბავთა თავშესაფრები; დიდ შეწირულობას გასცემდა ეკლესია-მონასტრებზე; ეხმარებოდა ღარიბ-ღატაკებს და ასე შემდეგ. „თუკი შესაძლებელია ღმერთთან მოლაპარაკება, ეს დიანა პუატიემ გააკეთაო”. – მუსირებდა ხალხში აზრი.
ანრი II დე ვალუას ფავორიტმა ქალმა ამქვეყნად 66 წლის 3 თვისა და 17 დღის განმავლობაში იცოცხლა. და თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ ასაკშიაც კი არ დაუკარგავს თავისი ოდინდელი ხიბლი, რადგან მაშინ იგი სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის მშვენიერ ქალს უფრო ჰგავდა, ვიდრე ცხოვრებისა და წლების სიმრავლისგან გადაღლილ 66 წლის ქალბატონს. – (ავტორი გენია.ჯი)