ონორე დე ბალზაკი – „ეპიზოდი”
ონორე დე ბალზაკისათვის უცხო ხილი ნამდვილად არ გახლდათ რესტორნებში ხშირი და მხიარული დროსტარება, მდიდრულ წვეულებებზე დასწრება, მშვენიერი სქესის წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებული ტრფობა… (ავტორი გენია.ჯი) ყველასათვის ცნობილი აქსიომაა, რომ „კარგი ცხოვრება ძვირი ჯდება”, – ამიტომაც არ ჰყოფნიდა არასოდეს „კარგი ცხოვრების” მოყვარულ გენიალურ ფრანგ ლიტერატორს თავისი სოლიდური ჰონორარები. თუმცა, აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ ბალზაკს ახასიათებდა შრომისმოყვარეობის გასაოცარი და დიდებული უნარი. უნარი, რომლის დახმარებითაც შეძლებისდაგვარად მაინც ახერხებდა თავის „ნებაზე” ცხოვრების გაგრძელებას იგი.
ონორე ძირითადად ღამით წერდა თავის უკვდავ ლიტერატურულ ქმნილებებს. იმისათვის, რომ ზამთრობით სამუშაო კაბინეტის გათბობა ბუხრის საშუალებით უზრუნველეყო, უზარმაზარი რაოდენობის შეშა იყო საჭირო. ამას კი, თავის მხრივ, ბევრი ფული სჭირდებოდა, რაც „საამური ცხოვრების” მოყვარულ ბალზაკს არ გააჩნდა. ხარჯების შემცირების საბაბით ონორემ გადაწყვიტა ბუხარი არც ერთ შემთხვევაში არ გამოეყენებინა მუშაობის პროცესში. ამიტომაც გამოართვა ბალზაკმა დედას ცხვრის მატყლისგან დამზადებული თბილი ჩაჩი, ხოლო დას კი შალისაგან ნაქსოვი თბილი ხალათი, რომელში გამოხვევაც ძალიან უვარდა თურმე მწერალს ზამთრის გრძელ და ცივ ღამეებში.
ერთადერთი ადამიანი, ვისაც უფლება ჰქონდა ბალზაკის მუშაობის პროცეს დასწრებოდა, მისი ოჯახის ძველისძველი მეგობარი, ხანდაზმული ბურჟუა – დაბლენი იყო.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ბალზაკზე სულ ორმა ადამიანმა იზრუნა მისი არც თუ ისე ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში. ერთი მათგანი თავად ონორეს ღვიძლი და – ლაურა სიურვილი გახლდათ, ხოლო მეორე კი, სწორედ ის ბურჟუა, ვისაც ბალზაკი უფლებას აძლევდა, თავისი უკვდავი ლიტერატურული ქმნილებების დაბადებას დასწრებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)