ძველი რომი – „ეპიზოდი”
რომის ძლევამოსილი იმპერია რომ ყოველთვის საჭიროებდა ძლიერ არმიას, უდავო ფაქტია. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მათ დაუძინებელ მტრებს თავ-თავის დროზე წარმოადგენდნენ ისეთი სახელგანთქმული მეომარი და ბარბაროსი ხალხები, როგორებიც იყვნენ – ჰუნები, ფრანკები, ვანდალები, საქსები და ვესტგუთები. (ავტორი გენია.ჯი) გამუდმებით საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ჯარისკაცობა ბევრ რომაელ მამაკაცს უმძიმდა. არადა ამ დროს, რომაული ლეგიონები უფრო და უფრო საჭიროებდნენ კვალიფიციურ სამხედრო კადრებს.
იმისათვის, რომ მრავალწლიანი სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავი როგორმე დაეღწიათ, რომაელებმა არც თუ ისე სახარბიელო, მაგრამ მაინც გამონახეს ერთგვარი გამოსავალი: სადეზერტიროდ შემზადებულმა მამაკაცებმა მიზანმიმართულად დაიწყეს საკუთარი სხეულის დასახიჩრება. კერძოდ კი, თითების მოკვეთა… ისინი ძირითადად დიდ თითებს – შუათითსა და საჩვენებელ თითებს უკეთებდნენ ამპუტირებას და არა ყველა თითს. ასეთი ადამიანები რომ სამხედრო სამსახურისთვის არ გამოდგებოდნენ ფაქტია (იმ ადამიანს, რომელიც ასეთ სიმულიანტობას სჩადიოდა – „მურჩი” უწოდა დროთა განმავლობაში ხალხმა).
რამდენიმე ხანში აღნიშნული პრაქტიკა ფართოდ იქნა გავრცელებული იმპერიაში, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა ხელისუფლებისათვის. შედეგად, გატარდა რიგი პროფილაქტიკური ღონისძიებებისა, თუმცა ეფექტი მაინც ნაკლები იყო.
ის კი არა და, ფიქსირდებოდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მამები შეგნებულად ჰკვეთდნენ ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში მყოფ თავიანთ ვაჟებს თითებს, რათა ამ გზით აეცილებინათ მათთვის შემდგომი გაწვევა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. იმ სამსახურში, საიდანაც კაცმა არ იცოდა დაუბრუნდებოდნენ თუ არა ცოცხალები თავ-თავიანთ ოჯახებს.
რომის ლეგენდად ქცეული იმპერატორი – ოქტავიანე ავგუსტუსი მრისხანებას ვერ იოკებდა ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული დეზერტირობის გამო. ერთ-ერთი ისტორიული წყარო გვამცნობს, თუ რა სასტიკად დასაჯა მონარქმა რომაელი დიდებული იმისათვის, რომ მან საკუთარ ვაჟებს მოკვეთა თითები ზემოაღნიშნული გარემოების გამო. ავგუსტუსის პირადი ბრძანებით, დამნაშავე მშობლის ქონების კონფისკაცია განხორციელდა. თუმცა ეს კიდევ არაფერი: მისი ორივე თითებმოკვეთილი ვაჟი – მონებად იქნენ გაყიდულნი მონათა ბაზარზე.
საბოლოო ჯამში, იმპერატორმა ვალენტიანემ 368 წელს გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც, იმ ადამიანს, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში თავის არიდების მიზნით თითებს მოიჭრიდა - სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. დამნაშავესთან ერთად ისჯებოდა ის ადამიანიც, რომელიც ასეთ ფაქტს შეესწრებოდა და გულგრილობას გამოიჩენდა, – (ავტორი გენია.ჯი)