ჰენრი VIII ტიუდორი – „ეპიზოდი”
ინგლისისა და ირლანდიის საყოველთაოდ ცნობილი მეფე – ჰენრი VIII ტიუდორი (1491-1547 წლები), თავისი ეპოქის მოდის მიმდევარი მონარქი გახლდათ. იგი აღმერთებდა მოდურ და ძვირფას ტანისამოსს და ძალიან დიდ დროს უთმობდა საკუთარი გარეგნობის მოწესრიგებას. (ავტორი გენია.ჯი) „ცოლთმოძულე” მეფე განსაკუთრებით მაინც წვერ-ულვაშს უფრთხილდებოდა. ახალგაზდობაში ჰენრი ხშირად იპარსავდა წვერს, რაც კარგად ჩანს კიდეც მის ადრეულ პორტრეტებზე. მოგვიანებით მან წვერი კი მოუშვა, თუმცა რეგულარულად მაინც აკონტროლებდა მის ფორმასა და პროპორციებს.
„სამეფო დალაქი” – ასეთი სტატუსი გააჩნდა პერსონას, რომელსაც კარგ პროფესიონალიზმთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, განუზომლად დიდი ნდობა უნდა ჰქონოდა მეფისა. შესაბამისად, მის ხელში არსებული ბასრი სამართებელი მეფის მოშიშვლებული ყელისათვის საფრთხეს არასოდეს წარმოადგენდა.
ცნობილია, რომ ჰენრის „სამეფო დალაქს” წარმოადგენდა, ვინმე – პენი. მის ფუნქციაში, გარდა წვერის სათანადო მოვლისა, ვარცხნილობის დაყენებაც შედიოდა მეფისთვის. (ავტორი გენია.ჯი) და, რადგანაც ტიუდორებს წესად არ ჰქონდათ თავიანთი მსახურების ხშირი ცვლა, იგი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ასრულებდა „სამეფო დალაქის” ფუნქციას.
ისტორიული დოკუმენტები გვამცნობენ, თუ რაოდენ დიდი გულისყურით აკონტროლებდა მეფის ერთგული დალაქი თავის სისუფთავეს. იგი ერიდებოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრას და განმარტოებით, მშვიდ გარემოში ამჯობინებდა ცხოვრებას. მშვიდი გარემო და დამშვიდებული ნერვები მას კარგი მუშაობის საშუალებას აძლევდა.
„სამეფო დალაქი” მისთვის საჭირო ინსტრუმენტებს თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. ამიტომაც ჰქონდა ისინი ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში პენი გამოიყენებდა ოქროთი და ძვირფასი ქვებით მოჭედილ სავარცხელს. წვერის პარსვის პროცესში კი, სახის გასამშრალებლად იყენებდა საუკეთესო ქსოვილებისაგან დამზადებულ პირსახოცს. აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ „სამეფო დალაქის” მომსახურება ერთობ ძვირადღირებული სიამოვნება იყო, რაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ტიუდორი მეფისთვის.
გარდა გარეგნული იერისა და პირადი ჰიგიენისა, მეფეს სხვა საზრუნავიც გააჩნდა: იგი პარანოიულად უდგებოდა ჯანმრთელობის საკითხსაც. ცნობილია, რომ ინგლისელი მონარქი ყოველდღიურად იღებდა სამედიცინო რჩევებსა და კონსულტაციებს ოთხი პირადი ექიმისაგან. ამბობენ, მედიცინით თავად ჰენრიც დიდად იყო დაინტერესებული და რამდენიმე სამკურნალო წამლის ავტორიც გახლავთო. – (ავტორი გენია.ჯი)