ჩონ ჩჟუ-იონი – „ეპიზოდი”
მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი კორეული ავტომწარმოებელი კომპანიის „ჰიუნდაი”-ს ფუძემდებელი – ჩონ ჩჟუ-იონი (1915-2001 წლები), ქვეყნიერებას ღარიბ-ღატაკი გლეხის ოჯახში მოევლინა. იმ პერიოდში კორეა ჯერ კიდევ ერთიან სახელმწიფოს წარმოადგენდა, თუმცა იგი მაინც მილიტარისტული იაპონიის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ეს იმას ნიშნავდა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები ბევრ რამეში იყვნენ შეზღუდულები.
პატარა ჩონის თავდაპირველ ოცნებას პედაგოგად ჩამოყალიბება წარმოადგენდა, მაგრამ მისი ოცნების ახდენას მრავალი დაბრკოლება ეღობებოდა წინ. მათ შორის ერთ-ერთი დაბრკოლება გახლდათ ის, რომ იაპონელთა გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნის შვილები მხოლოდ და მხოლოდ დაწყებით განათლებას იღებდნენ. ამას თან ერთვოდა ჩვენი პოსტის გმირის ოჯახის უკიდურესი სიდუხჭირეც. იმ შემთხვევაში, თუ მიზანსწრაფული ჩონი მშობლიურ სოფელში დარჩებოდა, სამომავლო პერსპექტივას მოისპობდა. ამიტომაც მიიჩნია მან ერთადერთ გამოსავლად ქალაქში გადაბარგება. ქალაქში, სადაც უფრო ფართო შესაძლებლობები იყო მისი დიდი ნიჭის სათანადოდ გამოყენებისა. სეულამდე სამგზავრო ფული „ჰიუნდაი”-ს ფუძემდებელს არ გააჩნდა. ვერც სასესხებლად იშოვა… არადა ამ დროს, იგი თავის მოზღვავებულ ამბიციებს უკვე ვეღარ იოკებდა. 18 წლის ასაკში მყოფ ყმაწვილკაცს ისღა დარჩენოდა, ოჯახის მფლობელობაში არსებული ერთადერთი მარჩენალი ძროხა მშობლების უჩუმრად გაეყვანა ბაზარზე და გაეყიდა. ოჯახში კონფლიქტს ჩონი მოერიდა, შედეგად იგი სახლში აღარც დაბრუნებულა, ისე გაუდგა სეულის გზას.
სანამ წარმატებული მეწარმე და ცნობილი პიროვნება გახდებოდა, ჩონი სხვადასხვა განხრით მუშაობდა. მთავარი ის იყო, რომ არც შრომას ერიდებოდა და არც შრომისმოყვარეობას უჩიოდა. ერთი ხანი მტვირთავად იმუშავა, მერე რკინიგზის მშენებლობაზეც დასაქმდა, იყო ავტომექანიკოსიც…
როგორც აღმოჩნდა, ერთობ წარმატებულ პერსონად ქცეულ ჩჟუ-იონს მას შემდეგ სინდისი ქენჯნიდა თავისი ოჯახის წინაშე, რადგან პირადი ამბიციების დაკმაყოფილების მიზნით, თავისი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ერთადერთი მარჩენალი ძროხა მოპარა და გაუყიდა მას. გავიდა წლები… 1998 წლის ერთ მშვენიერ დღეს ჩონის მშობლიური სოფელი – ასანი უცნაური მოვლენის მოწმე გახდა. მისი მაცხოვრებლები აღფრთოვანებაში მოიყვანა იმ ინფორმაციამ, რომ თავიანთმა წარმატებულმა თანასოფლელმა მათ საჩუქრად გაუგზავნა – 1 0 0 1 სული ძროხა. თავისი სოფლისათვის ასეულობით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჩუქების ჟესტით, მან ერთგვარად მოიბოდიშა საკუთარი ოჯახისა და თანასოფლელების წინაშე ოდესღაც ჩადენილი ცუდი საქციელის გამო. – (ავტორი გენია.ჯი)