ლუი XIV დე ბურბონის დიდებული საჩუქარი მარია-ტერეზას…
სანამ ცხოვრების ავან-სცენაზე მასიურად შემოაბიჯებდნენ ლუი XIV დე ბურბონის მრავალრიცხოვანი ფავორიტი ქალბატონები, მანამდე „მეფე-მზე” დიდად ანერბივრებდა თავის ცისფერთვალება და ქერათმიან მეუღლეს, დედოფალ – მარია-ტერეზა ავსტრიელს. (ავტორი გენია.ჯი) ქორწინების პირველ ხანებში წყვილი ბედნიერი ჩანდა, თუმცა დროთა განმავლობაში ამ ძლევამოსილმა მონარქმა თავის მეუღლეში დედოფლებისათვის არადამახასიათებელი უბრალოება ამოიკითხა, რაც გახდა კიდეც შემდგომში მის მიმართ გამოვლენილი უკიდურესი გულგრილობის მიზეზი.
საშუალო ინტელექტის მქონე მარია-ტერეზას გულკეთილ, გულუბრყვილო და გულწრფელ ადამიანად ახასიათებდნენ ბიოგრაფები. გარდა ამისა, მასში გურმანიც ფხიზლობდა. დედოფალს განსაკუთრებით ცხელი შოკოლადის მირთმევა უყვარდა, თურმე. უყვარდა და ვინ მამაძაღლი აუკრძალავდა მის დაგემოვნებას?!. ამიტომაც მოიხმარდა იგი ცხელ შოკოლადს დიდი რაოდენობით, რაც ნელი-ნელ აისახებოდა კიდეც მისი სხეულის პროპორციებზე.
გემრიელი დანაყრების შემდგომ საფრანგეთის თვითკმაყოფილ დედოფალს ჩვევად ჰქონდა, სამეფო სასახლის ულამაზეს ბაღში – ფეხშიშველა სეირნობა. მეუღლის ეს თვისება კარგად უწყოდა მასზედ ჯერ კიდევ გულაუყრელმა ქმარმა. ერთ დღესაც წალკოტად ქცეულ ბაღში სასეირნოდ გასულ მარია-ტერეზას მეფისაგან მოწყობილი დიდი სიურპრიზი ელოდა: ბაღის ის ბილიკები, რომელზედაც ყოველი ტრაპეზის შემდგომ სეირნობდა დედოფალი, მისდა გასაოცრად, – სიასამურის ძვირფასი ბეწვისაგან დამზადებული ძალიან გრძელი მოსასხამით იყო მოფენილი. ეგზომ უჩვეულო (ძვირადღირებული) მეთოდით ლუი შეეცადა, რომ ფეხშიშველ დედოფალს სეირნობის ჟამს დისკომფორტი არ შეჰქმნოდა.
უცილობლად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბილიკების სიგრძე, რომელსაც დედოფალი ყოველდღიურად თელავდა ფეხშიშველი, – 1,5 კილომეტრს შეადგენდა. იმ პერიოდში ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას რომ ეარსება, დიდ სკანდალს ატეხდა, როდესაც შეიტყობდა, საფრანგეთის ძლევამოსილმა მონარქმა თავისი მეუღლის ფეხისგულების მოფრთხილებას – 4 000 სიასამური რომ შესწირა. სამწუხაროდ, სწორედ ამდენი ეგზემპლარის განადგურება გახდა საჭირო, რათა მარია-ტერეზასათვის განკუთვნილი უჩვეულო საჩუქარი დაემზადებინათ ოსტატებს. – (ავტორი გენია.ჯი)
ლუი XIV დე ბურბონი და მარია-ტერეზა