ფრიდრიხ II შტაუფენი – „ეპიზოდი”
შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ხელისუფალი, საღვთო რომის იმპერატორი და შტაუფენების დინასტიის „მამამთავარი” – ფრიდრიხ II შტაუფენი (1194-1250 წლები), მაღალი ინტელექტით გამორჩეული პერსონა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მისი ინტერესის საგანს იმთავითვე წარმოადგენდა სხვადასხვა მეცნიერებები. მათ შორის – ფილსოფია, ხელოვნება, ლიტერატურა… კარგად იცნობდა არა მხოლოდ არისტოტელესა და სხვა გენიალური ევროპელი სწავლულების, არამედ არაბი მეცნიერების ნაშრომებსაც. სწორედ მისი მმართველობის ჟამს აღიჭურვა იტალიური ენა სახელმწიფო ენის სტატუსით; ფრთები გაშალა იტალიურმა ლიტერატურამ; ლექსებს წერდა როგორც თავად ფრიდრიხი, ასევე მისი შვილებიც. თუმცა იმპერატორის ყველაზე თავშესაქცევ გასართობს მაინც – მიმინოებითა და შავარდნებით ნადირობა წარმოადგენდა. მასზედ ფანატიკურად შეყვარებული მბრძანებელი პირადად აწარმოებდა დაკვირვებას და ატარებდა რიგ ექსპერიმენტებს, რაც შემდგომ გულმოდგინეთ აღნუსხა მის მიერ დაწერილ წიგნში, სახელწოდებით – „ფრინველებით ნადირობის ხელოვნება”. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ფრიდრიხის მიერ დაწერილი აღნიშნული ქმნილება იქცა ევროპულ ლიტერატურაში „პირველ მერცხლად”, რომელიც მიმინოებითა და შავარდნებით ნადირობის უნიკალურ ხელოვნებას მიეძღვნა.
ნადირობათა უამრავი მეთოდის გარდა, იმპერატორმა წიგნში 100-ზე მეტი ფრინველის სახეობა აღწერა. მათ შორის რამდენიმე ისეთი სახეობაც, რომელთა არსებობის შესახებაც საზოგადოების ფართო მასამ მანამდე არაფერი იცოდა. – (ავტორი გენია.ჯი)