ანტუან ლავუაზიე – „ეპიზოდი”
1793 წლის ნოემბრის ბოლოს საფრნაგეთის კონვენტის ბრძანების საფუძველზე, ფრანგი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის აბსურდული ბრალდებით ოცდაათ „თანამზრახველთან” ერთად დააკავეს თანამედროვე ქიმიის გენიალური ფრანგი ფუძემდებელი – ანტუან ლორან ლავუაზიე (1743-1794 წლები). რევოლუციურმა ტრიბუნალმა ოცდათერთმეტივე დაკავებული სცნო წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ და ყველა მათგანს, უკლებლივ, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. (ავტორი გენია.ჯი)
რევოლუციური ტრიბუნალის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წარმომადგენელმა – ჟან-ბატისტ კოფინალ-დიუბაიმ, ვის სინდისზზეც 2 000-მდე აღსრულებული სასიკვდილო განაჩენია, ლავუაზიეს შეწყალების თხოვნაზე უარი საყოველთაოდ ცნობილი სიტყვით განაცხადა – „რესპუბლიკა არ საჭიროებს ქიმიკოსებსა და მეცნიერებს. ნუ ცდილობთ, ზეწოლა მოახდინოთ სასამართლო პროცესებზე”.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ ფრანგი ქიმიკოსის დასაცავად მათემატიკოსებმა აღიმაღლეს ხმა (აღნიშნულ კამპანიას სათავეში ედგა იტალიური წარმომავლობის მქონე დიდი ფრანგი მათემატიკოსი – ჟოზეფ-ლუი ლაგრანჟი), და ეს მაშინ, როდესაც მის კოლეგა ქიმიკოსებს, რომლებიც მრავლად იყვნენ მოკალათებულნი საფრანგეთის კონვენტში, ქვეყანაში გამეფებული ტერორისგან მომავალი შიშის, კონკურენციისა თუ სხვა რიგი გარემოებების გამო, ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენიათ უდანაშაულო კოლეგის დასაცავად. გარდა ლაგრანჟისა და რამდენიმე მათემატიკოსისა, ლავუაზიე მისი კოლეგებისაგან განსხვავებით კიდევ ერთმა ადამიანმა დაიცვა კონვენტში და მისი პროფესია გახლდათ – მინერალოგია.
ის კი არადა, ქიმიური წონასწორობის შესახებ მოძღვრების სახელოვანი ფრანგი ფუძემდებელი – კლოდ ლუი ბერთოლე, სასამართლოს უშუალო დავალებით, პირადად, და ყველაზე აქტიურად მონაწილეობდა თავისი გაუბედურებული კოლეგის ქონების აღწერაში. როგორც ჩანს, აქ, მას, საკუთარი პროფესიული ინტერესებიც ამოძრავებდა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ანტონის სიკვდილით დასჯიდან გაივლის სულ რაღაც ორნახევარიოდე თვე და სიკვდილით დასჯიან რევოლუციური ტერორის ერთ-ერთ უმთავრეს შემოქმედს – მაქსიმილიან რობესპიერს, ხოლო შემდგომ კი ტრიბუნალის ხელმძღვანელს – კოფინალსაც. – (ავტორი გენია.ჯი)
კლოდ ლუი ბერთოლე