ანა ავსტრიელი – „ეპიზოდი”
საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი - ანა ავსტრიელი (1601-1666 წლები) იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ვისაც გაგიკვირდებათ და, ვარდის სურნელი არ უყვარდა… სძულდა კიდეც… ამის ფონზე კი, ჰაბსბურგთა დინასტიის მშვენიერი წარმომადგენელი ერთობ სკრუპულოზურად უდგებოდა საკუთარ გარეგნობას. (ავტორი გენია.ჯი) ამ მშვენიერმა ქალმა კარგად იცოდა თავისი მომხიბვლელი გარეგნობის ფასი და სათანადოდაც უფრთხილდებოდა მას.
ცნობილია, რომ ანა ავსტრიელს იმთავითვე აწუხებდა ფრიად მგრძნობიარე კანის პრობლემა. და რადგანაც სხვა სახეობის ნაჭრის მოხმარება ფიზიკურ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული, ამიტომაც იძინებდა იგი ყოველთვის ბატისტის ნაჭრისაგან დამზადებულ ძვირფას თეთრეულში. გარდა ამისა, მუდმივად იმოსებოდა ბატისტისაგან დამზადებული დღისა თუ ღამის პერანგებითაც.
ანა ავსტრიელს, როგორც ყველა ქალს, პარფიუმერია და ნელსაცხებლები უყვარდა ძალიან (ერთადერთი – ვარდის სურნელოვანი ნელსაცხებლების გარდა). იმ პერიოდის პარფიუმერების მწარმოებლებმა კარგად იცოდნენ ყოველივე ეს და ამიტომაც ასწრებდნენ ერთმანეთს, რაც შეიძლება მეტი საჩუქრის მიძღვნით, მეტად მოეგოთ მისი გული.
1664 წელს მედიკოსებმა დედოფალს სარძევე ჯირკვლის კიბოს უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. ანას განკრნება სამეფო კარის სახელგანთქმულ ექიმს – ჟანდრონს დაევალა, თუმცა, სამწუხაროდ, თანამედროვე ეპოქაშიაც კი არ დაადგა საშველი ამ უსასტიკესი სენის დამარცხებას და, რა გასაკვირია, 4 საუკუნის წინათ რომ ვერ გამოეღო მკურნალობას სათანადო შედეგი. დროთა განმავლობაში დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ჟანდრონი იძულებული გახდა მისთვის ოპერაცია გაეკეთებინა. ოპერაციის ჩატარების შემდგომ, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, პაციენტს ნაოპერაციევი ჭრილობა მაინც არ უხორცდებოდა. დაჩირქებულმა ნაოპერაციევმა ჭრილობამ კი, როგორც ჩვევია ხოლმე, საშინელი მყრალი სუნი აუშვა. თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად, სიკვდილის სარეცელზე მყოფ ოდესღაც მშვენიერ ქალს, რომელიც ასე აფასებდა და უფრთხილდებოდა თავის გარეგნობას, იმდენად მყრალი სუნი ასდიოდა სხეულზე, რომ მრავალრიცხოვანი ნელსაცხებლების მოხმარებაც კი ვერაფრით შველოდაო. – (ავტორი გენია.ჯი)