ანტიოქე I სოტერი – „ეპიზოდი”
სირიის ცნობილი მეფე – ანტიოქე I სოტერი (ძვ.წ.აღ-ით 324-261 წლები), ფილოსოფიისა და ფილოსოფოსების ღრმად მოძულე მონარქი გახლდათ. მიზეზი იმისა, თუ რატომ სძულდა ეგზომ ამ ძლევამოსილ მბრძანებელს ფილოსოფია და ფილოსოფოსები, დღემდე დაუდგენელია. თუმცა-კი, ცნობილია, რომ ფილოსოფოსთა შორის მას განსაკუთრებით მაინც – სოფისტები ეზიზღებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე, ერთ-ერთი პირველი ბრძანება, რაც ანტიოქეს სახელით იქნა გამოცემული, სწორედ რომ მისთვის საძულველ ფილოსოფიასთან და ფილოსოფოსებთან იყო უშუალოდ დაკავშირებული. სირიის მეფის ბრძანებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იქნა აკრძალული ფილოსოფიური სწავლებები (მოძღვრებები) მიუხედავად მათი მიმართულებებისა. გარდა ამისა, სირიის ტერიტორიის დაუყონებლივი დატოვება მოეთხოვათ ქვეყანაში მოღვაწე ფილოსოფოსებსაც.
მას შემდეგ, რამდენიმე ხანი გავიდა. ერთხელ საომარ ლაშქრობაში მყოფმა ანტიოქემ შეიტყო, რომ მის მიერ გამოცემული ბრძანება სამშობლოში არ სრულდებოდა ისე, როგორც საჭირო იყო: ბევრმა მდიდარმა და გავლენიანმა მოქალაქემ შეიფარა მეფის მიერ დევნილი ფილოსოფოსები, რადგან სირიელები იმთავითვე სათანადო პატივს მიაგებდნენ ფილოსოფიას, სიბრძნეს, განათლებას… მიღებულმა ინფორმაციამ ანტიოქე უკიდურესად განარისხა. მან პირადად ჩამოწერა რიგი კანონებისა, რომელიც მეფისნაცვალ ფანიას გადაუგზავნა სირიაში უეჭველ დასამკვიდრებლად. მეფის ნდობით აღჭურვილი პირისადმი მიწერილ წერილში ანტიოქე თავის უკმაყოფილებას ვერ მალავდა სამშობლოში მიმდინარე მოვლენების გამო და მისგან მკაცრად მოითხოვდა, დაუყონებლივ განედევნა ქვეყნის ტერიტორიიდან ყველა ფილოსოფოსი.
„ისინი ხალხს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას ხრწნიანო”, – ამბობდა ანტიოქე და შემოიღო კიდეც რიგი უმკაცრესი კანონებისა. ასე მაგალითად: ფილოსოფოსებზე რომ არაფერი ვთქვათ, სიკვდილით ისჯებოდა მათი მსმენელებიც (დამოუკიდებლად ასაკისა). გარდა ამისა, სიკვდილით ისჯებოდა ის ახალგაზრდებიც, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდებოდნენ ფილოსოფოსთა წრეში. ისჯებოდა „დამნაშავე ახალგაზრდათა” მშობლებიც. კერძოდ – მამები. ისინი მკაცრად კი ისჯებოდნენ, თუმცა თავიანთი შვილებისაგან განსხვავებით, სიკვდილით – არა. – (ავტორი გენია.ჯი)