ავიცენა – „ეპიზოდი”
ძალიან რთული წარმოსადგენია, 12 წლის ასაკში მყოფ მოზარდს სერიოზულ საკითხებზე რჩევებს დაეკითხონ მასზე გაცილებით დიდი ასაკის მქონე ადამიანები, მითუმეტეს – მოხუცები, თუმცა ასე იყო „მედიცინის მეფედ” წოდებული გენიალური სპარსი სწავლულის, „ავიცენად” ცნობილი – აბუ ალი იბნ სინას (980-1037 წლები) შემთხვევაში. (ავტორი გენია.ჯი) წიგნისა და მეცნიერების მიმართ სიყვარული ბავშვობიდანვე შეითვისა და შეისისხლხორცა. ბავშვის მდიდარ ოჯახს მდიდარი ბიბლიოთეკაც გააჩნდა. ეს კი მისწრება გახლდათ პატარა ავიცენასთვის. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მას სხვადასხვა ავტორების, მათ შორის რიგი ევროპელი ავტორების ასეულობით წიგნი ჰქონია წაკითხული. „ერთადერთი წიგნი, რომელიც არ წამიკითხავს, არისტოტელეს „მეტაფიზიკაა”-ო, – წუხდა სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს, თურმე, ავიცენა.
10 წლის ასაკში მყოფი დიდებულად ერკვეოდა არა მხოლოდ ალგებრაში, არამედ ზეპირად ფლობდა ყურანსაც. ყურანის ზეპირად, და თანაც ზუსტად ცოდნის უნარი იმთავითვე განსაკუთრებით ფასობდა ადგილობრივებში, რამაც პატარა ვუნდერკინდს საქვეყნოდ გაუგდო სახელი; ბუხარის მუსლიმანურ მედრესეში სწავლის პერიოდში იგი აქტიურად დაკავდა გრამატიკისა და არაბული ენების შესწავლით; 12 წლის ასაკში დაინტერესდა მედიცინითაც; „სამეფო ექიმისა” და ვეზირის თანამდებობა აბუ ალი იბნ სინამ სულ რაღაც ჩვიდმეტიოდე წლის ასაკში მიიღო; 18 წლისას კი უკვე პირველი მოწაფე-მიმდევრები გამოუჩნდა მედიცინაში. 20 წლის ასაკში მყოფმა კი სულაც თავის პირველ სამედიცინო ნაშრომებს ჩაუყარა საფუძველი…
ამიტომაც აკითხავდნენ სხვადასხვა სახის რჩევების მისაღებად მოხუცებიც კი ხშირად გენიალურ სპარს სწავლულს, ვინაც მათ გაწბილებულს არასოდეს უშვებდა შინ. – (ავტორი გენია.ჯი)