ჩინგიზ-ყაენი – „ეპიზოდი”
ჩინგიზ-ყაენის პირადი გვარდია, რომლის გამუდმებული ზრუნვის ქვეშაც იმყოფებოდა იგი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ, – 10 000 ერთგული და კარგად გაწვრთნილი მებრძოლისაგან იყო დაკომპლექტებული. (ავტორი გენია.ჯი) ერთადერთი, ვისაც ჩინგიზის პირადი გვარდია ემორჩილებოდა, თავად ყაენი გახლდათ. რკინის დისციპლინის მქონე მრავალრიცხოვანი მონღოლი მცველები შესანიშნავად ართმევდნენ თავს მათზედ დაკისრებულ მოვალეობას და ერთობ დიდი გავლენითაც სარგებლობდნენ ყაენის სამეფო კარზე. სხვა მონღოლ მებრძოლებთან შედარებით ისინი გაცილებით მეტი პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ასე მაგალითად: რაოდენ დიდი დანაშაულიც არ უნდა ჩაედინა ჩინგიზის პირად გვარდიელს, გარდა ყაენისა, მაინც არავის ჰქონდა უფლება დაესაჯა იგი. სიკვდილით კი, ჩინგიზი, ერთგულ მცველებს მართლაც რომ იშვიათად სჯიდა, რადგან განსაკუთრებით უფრთხილდებოდა მათ, იცოდა-რა მათი სამსახურის ფასი.
აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო ჩინგიზის ერთი შესანიშნავი უნარიც. უნარი, რომელიც ყველაზე მეტად მაინც უფრო დიად ადამიანებს გამოარჩევთ: ჩინგიზს გააჩნდა შესაშური უნარი კეთილგონიერი მრჩევლებისა და ბრძოლისუნარიანი მხედართმთავრების შერჩევისა (ასე რომ ვთქვათ, მისი საქმისთვის საჭირო ადამიანების შერჩევისა). ამაში მონღოლთა იმპერიის პირველი დიდი ყაენი თითქმის არასოდეს ტყუვდებოდა. ამიტომაც იყო, რომ ლაშქრობათა უდიდესი ნაწილი მისი მამაცი, თუმცა-კი მასსავით დაუნდობელი და სასტიკი მხედართმთავრების მიერ იქნა წარმოებული და არა თავად ჩინგიზის მიერ.
ბალხი, თერმეზი, ნიშაბური, რეი, ჰამადანი, ჰერატი – აი, იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალი, რომელთა მოსახლეობა ჩინგიზის რჩეულმა მხედართმთავრებმა უკანასკნელ ადამიანამდე ამოჟლიტეს. ისტორიული წყაროები მოწმობენ, რომ ზემოაღნიშნულ ქალაქებში მოსახლეობის სიმრავლის გამო, მონღოლები ისე გადაიღალნენ ტყვედ აყვანილი მოქალაქეების თავის კვეთით, რომ მათ ნაცვლად გაუბედურებული ხალხის სიკვდილით დასჯა მონებსაც კი დააწყებინესო. ერთხელ ჩინგიზ-ყაენს დაუტრაბახია კიდეც, რომ იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი შემუსრა, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა დამპყრობელმა თავ-თავიანთ დროზე. – (ავტორი გენია.ჯი)