ვირის შესახებ…
1. მეცნიერთა მტკიცებით, ცხენზე ადრე ადამიანმა ვირი მოიშინაურა. მისი მოშინაურება აფრიკის ცხელ კონტინენტზე განხორციელდა პირველად. პირველი მოშინაურებული ვირის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული ცნობები ძველმა ნუმიდიურმა ხელნაწერებმა შემოგვინახეს, რომლებიც ძვ.წ.აღ-ით 3 000 წლით თარიღდება. ნიშანდობლივია ისიც, რომ იმ ეპოქაში მოშინაურებული ვირი გამოიყენებოდა არა მხოლოდ ტვირთის გადამზიდ საშუალებად, არამედ მას ფართოდ გამოიყენებდნენ სოფლის მეურნეობაშიც. კერძოდ, მიწების დასამუშავებლად. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ველურ ბუნებაში მობინადრე გარეული ვირის სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წლიდან 25 წლამდე მერყეობს, და ეს მაშინ, როდესაც ადამიანთა გარემოცვაში მყოფი მოშინაურებული ვირი – 50 და ხშირად, 50-ზე მეტ წელსაც კი ცოცხლობს. საყურადღებოა ისიც, რომ ვირი გახლავთ ის შინაური ცხოველი, რომელიც სხვა სახეობის შინაურ ცხოველებს შორის ყველაზე ხანგრძლივად ცოცხლობს.
* * *
3. ზემოაღნიშნული გარემოების გამო, ანუ ცხენის მოშინაურებამდე, ძველ ეგვიპტეში ვირები დიდ პატივში ჰყავდათ „ფარაონის ქვეყნის” შვილებს. და, რაც უფრო მეტი ვირი ჰყავდა პირად მფლობელობაში ვისმე, მით მეტად უსვამდა იგი ხაზს თავის მაღალ სოციალურ სტატუსს. ასე რომ ვთქვათ, ვირი სოციალური სტატუსის განმსაზღვრელ ერთგვარ ინდიკატორადაც კი იყო ქცეული უძველეს ეგვიპტეში. ამიტომაც ჰყავდა ხშირად ამა თუ იმ მდიდარ ეგვიპტელს თავის საკუთრებაში ასეულობით ვირი.
* * *
4. სისწრაფის თვალსაზრისით, ვირები თავიანთ კონკურენტებს – ცხენებს დიდად არაფრით ჩამოუვარდებიან. „70 კილომეტრ-საათი” – ეს გახლავთ სიჩქარე, რისი განვითარებაც ძალუძს ვირს საჭიროების შემთხვევაში.
* * *
5. ანტიკურ ხანაში ვირის რძისგან რიგ პარფიუმერულ საშუალებებს ამზადებდნენ. გარდა ამისა, ვირის რძე ისეთივე ფასეულ პროდუქტს წარმოადგენდა მოსახლეობაში, როგორც მაგალითად თხის ან აქლემის რძე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ვირი – ბუდიზმში განიხილება, როგორც ასკეტიზმის სიმბოლო. რიგი მუსულმანური ტრადიციების მიხედვით, იგი ზეციურ ცხოველად არის წარმოდგენილი, ხოლო ჩინელებმა მას „ღვთაებრივი მერანის” სტატუსი მიანიჭეს. აი, ბერძნულ მითებში კი, აღმოსავლური ქვეყნებისაგან განსხვავებით, ვირი სისულელისა და სიზარმაცის სიმბოლოდ განიხილებოდა იმთავითვე.
* * *
7. ისტორიის ადრეულ ეტაპებზე მაცხოვრებელ რიგ ხალხებში, მათ შორის სომხებში, გავრცელებული იყო ერთი უცნაური ჩვეულება, რაც თავის თავში, წინაპართა საფლავებზე მსხვერპლად ვირის შეწირვას გულისხმობდა.
* * *
8. ვირის მაკეობის პერიოდი თორმეტიდან თოთხმეტ თვემდე გრძელდება.
* * *
9. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში – პერგამენტი (განსაკუთრებული წესით დამუშავებული საწერი მასალა), ძირითადად ვირის ტყავისაგან მზადდებოდა.
* * *
10. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, დღეისათვის, დაახლოებით 40 მილიონი მოშინაურებული ვირი ბინადრობს დედამიწაზე. – (ავტორი გენია.ჯი)