დავით გურამიშვილი – „სიმღერა დავითისა”
ზუბოვკიდამ მომავალმან ვნახე ერთი ქალი,
მეტად ტურფა, მშვენიერი, მაზე დამრჩა თვალი.
შავ თვალ-წარბას, პირად თეთრსა ასხდა შავი ხალი,
მისმან ეშხმან დაცამლეწა, შემიმუსრა ძვალი.
* * *
ვკითხე: მზეო, სიდამ მოხვალ, ხარ სად წარმავალი?
გეაჯები, მაცოდინე შენი გზა და კვალი;
შენთვის გული ქვათ გარდმექცა, გახდა, ვით კლდე სალი,
მასხი წყალი, დამიშრიტე, მე შენი მწვავს ალი.
* * *
ხმა გამომცა, გაგულისდა, სიტყვა მითხრა ავი:
„ავო კაცო, ვით გაბედე, შენ მე მთხოვე თავი?
ბულბულთ ნაცვლად ვარდ-კოკორმან რად დაგისვა ყვავი!”
მით ავსტირდი, ცრემლი ვღვარე ზღვათა შესართავი.
* * *
ასე მითხრა: „ჩამომეხსენ, გამეცალე, მარი,
არ მინდიხარ, არ მიყვარხარ, სხვა მყავს კარგი მყვარი, -
შენგან თვალათ უკეთესი, ვაჟი-კაცი, ქმარი”.
რა ეს მესმა, ჯავრით ცხვირსა წამედინა ძმარი.
* * *
მითხრა: „შენგნით ნუმცა მსმია სიტყვა მაგის მეტი”.
აიღო და დამიშინა თავში დიდი კეტი.
დავრეცრეცდი, გარდავიქეც, დამეხვია რეტი;
შავებრალდი, თავს დამადგა, ვით ბნელს, ნათლის სვეტი.
* * *
რა მოვბრუნდი, დაიხარა, ხელს მომკიდა ხელი;
ამაყენა, ასე მითხრა: „რად შექმნილხარ ხელი?”
მე მიუთხარ: შენთვის გავხდი ასე ჭკვაზე თხელი,
შენ რომ მწუნობ, მით მედების გულსა ცეცხლი ცხელი!
* * *
მერმე ტკბილად დამიყოვა, კიდეც გამიცინა;
ასე მითხრა: „აქ ნუ ვსხედვართ, გვნახოს არავინა.
ახლა ავდგეთ, ჩვენ წავიდეთ თავთავისთვის შინა;
კულავ სადმე ამოივლი, მე დაგხვდები წინა”.
* * *
სად წავიდა, ვერა ვნახე, ჩემი საყვარელი,
მან დამიგდო საიმედო სიტყვა სახარელი.
მე მის მონას ნუმც ამხდია მისგან საფარველი!
სად მიჭირდეს, მამეშველოს, სხვას აღარას ველი.
* * *
დამპირდა, თქვა: „კიდევ მოვალ”. აწ მე იმას ველი:
მისთვის ვსტირი, ცრემლითა მაქვს უბე, კალთა სველი.
სიკვდილის დროს მე მის მეტი არვინ მყავდა მშველი,
მან გამიღოს სამყოფისა კარი შესასვლელი.
* * *
იმ ჩემისა საყვარლისა სამსახური მსურსა,
აჰა, მისთვის გამიჯნურდა, გული მისთვის ხურსა,
იმედი მაქვს, რასაცა ვსთხოვ, მომცემს, არა შურსა,
უკვდავების წყალს მიბოძებს, ცხოვრებისა პურსა.
* * *
ღვთისგან ვითხოვ, არ გამყაროს მე მის სიყვარულსა,
სხვას უკეთესს ვის ვიშოვნი სილამაზით სრულსა?
ჩემის სიყვარულისათვის სცემეს ხელშეკრულსა,
სახით ვხედავ ჩემთვის მკვდარსა სისხლით გაბასრულსა.
* * *
აწ, შენ, ჩემო საყვარელო, იმყოფები სადა?
ქვეყნად შენგან უკეთესი მე არავინ მყვანდა.
ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულები ცადა,
გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!
* * *
ქვესკნელსა ვარ, ვერა ვხედავ, მეგულები ცადა,
გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!
გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!