ზაქარია შერაზადიშვილი – „შენ რომ თუნგი ჩაგივარდა ჭაში”

შენ რომ თუნგი ჩაგივარდა ჭაში,

ჭას რომ ჰქონდა უსაშველო სიღრმე,

ტოლებში რომ ამირჩიე მაშინ,

ამირჩიე და საშველად მიხმე.

* * *

მავთული რომ გადავღუნეთ ჩანგლად,

ჩანგალზე რომ თოკის ბოლო შევსკვენ…

ჭის უბეში შენი ლანდი ჩანდა,

დავიხარე ლანდისა თუ შენსკენ.

* * *

მე, მანამდე უზრუნველს და ანგალს,

სიყვარულის არაფერი მჭირდა,

მაგრამ მაშინ იმ ბედნიერ ჩანგალს

შენი ლანდიც თან ამოჰყვა ჭიდან.

* * *

და მე შემრჩა, ეს რა საქმე მიყავ,

ჯადოა, თუ საზღაური შრომის,

რომ მას შემდეგ ყველაფერი მიყვარს

ამ ცასა და დედამიწას შორის!..

კომენტარის დატოვება