კოკო შანელი – „ეპიზოდი”
მოდის სამყაროში „მთელ ეპოქად” წოდებული დიდი ფრანგი მოდელიერი – გაბრიელ ბონერ „კოკო” შანელი (1883-1971 წლები), ერთი მეტად უცნაური თვისების მატარებელი ქალბატონი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მისი ბიოგრაფები ირწმუნებიან, რომ მსოფლიო მოდის კანონმდებელი ქალი განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდა, თავისი განვლილი ცხოვრებიდან და მეხსიერებიდან წაეშალა ყოველივე, რაც მისთვის უსიამოვნო და უსარგებლო იყოო. ეს განსაკუთრებით იმ პერიოდს ეხებოდა, როდესაც შანელი ჯერ კიდევ არ იყო „შეიარაღებული” ეგზომ დიდი პოპულარობით.
მას გულგრილად შეეძლო ხელი არ ჩამოერთმია გამოწვდილი ხელისთვის და ზურგი შეექცია იმ ადამიანისთვის, ვისაც იგი წარსულში იცნობდა, თუმცა მასთან კარგი მოგონებები არ აკავშირებდა, ან კიდევ იმ ადამიანისთვის, ვისაც კი იცნობდა ოდესღაც, მაგრამ ახლა მისგან არაფერს გამოელოდა სასარგებლოს. ასეთ შემთხვევაში კოკო შანელი ისეთ გამომეტყველებას იღებდა, თითქოს არასოდეს შეხვედრია თავისი ცხოვრების გზაზე. შედეგად, ხშირად ტოვებდა კოკო შანელი მათ – „გაღიმებულებს”…
ფრანგი მოდელიერის აღნიშნული თვისება თავის წიგნში – „იდუმალი კოკო შანელი”, დაწვრილებით აქვს გადმოცემული მისივე უახლოეს მეგობარს – მარსელ ედრიხს. – (ავტორი გენია.ჯი)