ანტონის ვან დეიკის შესახებ…
„20 წლის ასაკში მყოფი ყმაწვილკაცი – ანტონის ვან დეიკი ისეთივე ოსტატობით ხატავდა, როგორც ხანდაზმულ ასაკში შესული რუბენსიო”. – ასე აფასებდა ხალხი სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გენიალური ფლამანდრიელი მხატვრისა და გრავიორის – ანტონის ვან დეიკის (1599-1641 წლები) გასაოცარ ნიჭსა და შესაძლებლობებს სახვით ხელოვნებაში. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, იმ საშემსრულებლო ოსტატობის დონეს, რომელსაც ვან დეიკმა სულ რაღაც ოციოდე წლის ასაკში მიაღწია, როგორც წესი, 40 წლის ასაკში აღწევენ – გენიოსებიც კი… სახვით ხელოვნებაში, 900-ზე მეტი ხელოვნების შედევრი-ნიმუშის ავტორი რომ ჭეშმარიტად ვუნდერკინდი იყო, მან ეს 14 წლის ასაკში დაამტკიცა საკუთარი ავტოპორტრეტის დახატვით (ქვემოთ განთავსებული სურათი).
18 წლის ვან დეიკი, თავისი ნატიფი სამახატვრო ნიჭის გამოისობით, წმინდა ლუკას სახელობის გილდიაში მიიწვიეს და გააწევრიანეს.
ცნობილია, რომ ანტონისის სახელოვან მასწავლებელს – რუბენსს პორტრეტების დახატვა არ უყვარდა. მისგან განსხვავებით, ვან დეიკი ხშირად ხატავდა პორტრეტებს შეკვეთით, რითაც ერთიორად გაითქვა სახელი. 20 წლის ფლანმანდრიელი ფერმწერის მუშტრებს შორის მრავლად ერივნენ „ძლიერნი ამა სოფლისანნი”. მოგვიანებით იგი ინგლისის მეფის – ჩარლზ I სტიუარტის სამეფო კარის მხატვარიც გახდა. „ნისლიან ალბიონელი” მონარქი იმდენად აღფრთოვანებული იყო ვან დეიკის შემოქმედებით, რომ მან 30-ჯერ შეუკვეთა პირადად მისი და სამეფო ჯახის წევრების პორტრეტების დახტვა!
რამდენიმე ხანში ანტონისს ჩარლზმა რაინდის ტიტულიც უბოძა. შედეგად, კიდევ უფრო იმატა შეკვეთების რაოდენობამაც. შეკვეთების რაოდენობამ იმდენადაც კი იმატა, რომ მხატვარი ტილოზე სიუჟეტის ძირითად ნაწილს ასახავდა ხოლმე, დანარჩენს მისი მოწაფეები ასრულებდნენ. სწრაფ ტემპში მომუშავე ვან დეიკისათვის დამახასიათებელი თვისება გახლდათ ერთდროულად რამდენიმე (5 პორტრეტზეც კი) სურათზე მუშაობა.
ფერმწერის პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ავღნიშნავ, რომ წლების განმავლობაში იგი შეყვარებული გახლდათ თავისივე მენატურე-ქალზე – მარგარეტ ლემონზე (ქვემოთ განთავსებული სურათი). თუმცა, მხატვარმა მასთან მრავალწლიანი სასიყვარულო რომანი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც არჩევანი სხვა, არისტოკრატ ქალზე შეაჩერა გასაგები მიზეზების გამო. აღნიშნულმა მოვლენამ მარგარეტი უკიდურესად განარისხა. შედეგად, შეურაცხყოფილმა და მოტყუებულმა ქალმა საშინელი სკანდალი მოუწყო მხატვარს. საინტერესოა ის გარემოება, რომ ლემონსა და ვან დეიკს შორის გამართული ხელჩართული ჩხუბის დროს, გაბოროტებული ქალი გააფთრებით ცდილობდა საყვარლადყოფილი მამაკაცის ხელის თითების დაკბენას, რათა შემდგომში მას ხატვა აღარასოდეს შესძლებოდა. (ავტორი გენია.ჯი) საბედნიეროდ, ანტონისი გადარჩა…
40 წლის ვან დეიკმა თავისი არჩევანი დედოფლის ერთ-ერთ ფლეირინაზე – მერი რატვენზე შეაჩერა. მასზე დაქორწინებით ანტონისმა არისტოკრატის ტიტული მიიღო ოფიციალურად, რაც მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ცხოვრებაში. ვან დეიკების წყვილმა თანაცხოვრების ბედნიერება სათანადოდ ვერ შეიგრძნო, რადგან 42 წლის ასაკში მხატვარი გარდაიცვალა. იგი სწორედ იმ დღეს დაკრძალეს, როდესაც ქვეყნიერებას სულ რაღაც 8 დღის მოვლენილ ანტონისის ქალიშვილს მირონი აცხეს. – (ავტორი გენია.ჯი)
ჩარლზ I სტიუარტის პორტრეტი სამი მხრიდან