„ყავის სახლი” – (ეპიზოდი)
ისტორიაში პირველი „ყავის სახლი” (ყავახანა) ოსმალეთის იმპერიის ლეგენდად ქცეულ დედაქალაქ კონსტანტინოპოლში გაიხსნა 1554 წელს. XVII საუკუნეში „ყავის სახლები” ოსმალეთის იმპერიის საზღვრებს გარეთაც გაჩნდა. ასე მაგალითად, პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც 1647 წელს იქნა გახსნილი ზემოაღნიშნული დაწესებულება, იტალია გახლდათ. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, – ვენეცია. (ავტორი გენია.ჯი) მალევე ამ მასტიმულიზირებელი უალკოჰოლო სასმელის „მსხვერპლი” მთელი ევროპა შეიქნა.
პირველი „ყავის სახლი” ინგლისში 1652 წელს გამოჩნდა და იმდენად დიდი პოპულარობაც მოიპოვა ხალხში, რომ 1739 წლისათვის „ნისლიან ალბიონზე” მათმა რაოდენობამ საერთო ჯამში – 551-ს მიაღწია. განსაკუთრეებული მოწონებით „ყავის სახლები” მაინც საყოველთაოდ ცნობილ ქალაქ – ოქსფორდში სარგებლობდნენ. ამას ხელს უწყობდა იქ შექმნილი იდეალური გარემოც: ოქსფორდში არსებულ ყოველ „ყავის სახლში” განთავსებული იყო ხის მოგრძო მაგიდები, რომლებზეაც მრავლად ელაგა ახალი გაზეთები და წიგნები. ყავის სმის პროცესში ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მათით სარგებლობა. ამიტომაც მიეტანა ყავახანებს განსაკუთრებით ინტელექტუალები. იქ მშვიდ გარემოში მრავლად იმართებოდა დისკუსიები სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე. „ყავის სახლების” პოპულარობას ისიც განაპირობებდა, რომ სხვა სახის საზ-კვების ობიექტებისაგან განსხვავებით, ყავახანაში ყველა ფხიზელი რჩებოდა. სამაგიეროდ, ფხიზელ გონებაზე გამართული დისკუსიები გახლდათ დიდად შინაასობრივი. რამეთუ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ინგლისურ ყავახანებში ძირითადად ინტელექტუალი და ერუდიტი ადამიანები იყრიდნენ თავს.
შედეგად, ოქსფორდში განთავსებულ „ყავის სახლებს” ხალხმა სიყვარულით – „უფასო უნივერსიტეტები” შეარქვა. – (ავტორი გენია.ჯი)