ნაპოლეონ ბონაპარტი – „ეპიზოდი”
საფრანგეთის ლეგენდად ქცეული იმპერატორი - ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები), ვინაც კარგად უწყოდა ბეჭდური მედიის გავლენის ძალა საზოგადოებაზე, არასოდეს არ წყალობდა პრესას. ის კი არადა, ამ უდიდეს მხედართმთავარს მსოფლიო ისტორიაში, ნამდვილი ომი ჰქონდა გამოცხადებული „მეოთხე ხელისუფლებასთან”. (ავტორი გენია.ჯი) ბონაპარტი პირადად ითავსებდა ხშირად ცენზორის ფუნქციას. მის სინდისზეა 50 პარიზული გაზეთის დახურვა ერთდროულად.
საფრანგეთის დიდი რევოლუციისა და ვოლტერის ეპოქამ 73 საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის გამოსვლას დაუდო სათავე პარიზში. თავდაპირველად, მათში ფართოდ იყო გაშუქებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. გარდა ამისა, რიგ გაზეთებში ხშირად გადააწყდებოდით იმპერიის გავლენიანი პირების კარიკატურებსა და მათ შესახებ შეთხზულ ენამწარე პამფლეტებს. ყოველივე ეს კი, ძალაუფლებისმოყვარე მმართველს მოსვენებას უკარგავდა. შედეგად მან გადაწყვიტა, რომ პარიზელი საზოგადოებისათვის 73 გაზეთი „ზედმეტი ფუფუნება” გახლდათ. ამიტომ მათი რიცხვი 13-მდე შეამცირა. პარიზის მსგავსად, ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა საფრანგეთის სხვა რეგიონებშიც. ბონაპარტის მსახვრალ ხელს გადარჩენილ გაზეთებში კი, ტაბუირებული იყო ხალხისათვის ეგზომ საჭირო და საინტერესო მრავალი საჭირ-ბოროტო საკითხი. მაგალითად, ვერსად მოიხსენიებდით პრესის ფურცლებზე ბურბონების დინასტიასა და ზოგადად, აღნიშნული დინასტიის წარმომადგენლებსაც კი; არც დადებით და არც უარყოფით კონტექსტში არ შეიძლებოდა იაკობინელების შესახებ სიტყვის დაძვრა; გაზეთებს აეკრძალათ პოლიტიკური საკითხების ანალიტიკური გაშუქება. ჟურნალისტებს ეთხოვებოდათ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების კონსტატაცია და არავითარ შემთხვევაში საკუთარი აზრის განვრცობა. აქვე შევნიშნოთ, რომ სიკვდილით ისჯებოდა ის, ვინც გაბედავდა და უცხოურ პრესას გაავრცელებდა საფრანგეთში.
იმ ჟურნალისტებს, რომლებიაც ნაპოლეონის ცენზურას არ დაემორჩილებოდნენ და „გმირობას” გამოიჩენდნენ, ბონაპარტი ან კატორღაში გზავნიდა, ან კიდევ – ახვრეტინებდა. ამიტომაც იყო, ჟურნალისტების საქმეებს ყველაზე პრიორიტეტულ სისხლის სამართლებლივ საქმეებად რომ მიიჩნევდნენ იმ პერიოდის ფრანგი მოსამართლეები.
1810-1811 წლებში, მაშინ, როდესაც ნაპოლეონი თავისი დიდების ზენიტში იმყოფებოდა, იმპერატორმა კიდევ უფრო გააძლიერა ბრძოლა და ზეწოლა პრესის წინააღმდეგ. შედეგად, 13 პარიზული გაზეთიდან მისი უშუალო ბრძანების საფუძველზე დაიხურა 9 მათგანი. დატოვა მხოლოდ ოთხი გაზეთი. თითოეულ ფრანგულ რეგიონს ერთი გაზეთის (ისიც სამთავრობო) მეტის გამოცემის უფლება არ ჰქონდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ნაპოლეონის მბრძანებლობის ხანაში გამომავალი თითოეული ფრანგული გაზეთის (მათ შორის რეგიონალური გაზეთებისაც) აქციების უდიდესი ნაწილი მთავრობის, ესე იგი, – ნაპოლეონის ხელში იყო მოქცეული. იგი პრესას ინფორმაციული იარაღის ფუნქიას ანიჭებდა და შესაშუარადაც იყენებდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)