რომის საღვთო იმპერიის საიმპერატორო კარის ეტიკეტი – „ეპიზოდი”
რომის საღვთო იმპერიას იმდენად დიდი ავტორიტეტი და გავლენა გააჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე XVII საუკუნეში, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ვალდებულები იყვნენ გზა დაეთმოთ ავსტრიელი დიპლომატების ძვირფასი კარეტებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო სკანდალი გარანტირებული იყო. (ავტორი გენია.ჯი)
განუსაზღვრელმა ძალაუფლებამ რომის საღვთო იმპერიის იმპერატორები ერთობ გააამპარტავნა. ისინი თავის ტოლად არავის აღარ მიიჩნევდნენ. ამას ემატებოდა იმპერატორის სასახლის კარზე დამკვიდრებული ქცევის უმკაცრესი ეტიკეტებიც. ეტიკეტები, რომლებიც ჩრდილს უფრო აყენებდნენ მის უდიდებულესობებს, ვიდრე აბრწყინებდნენ მათ სახელს. ასე მაგალითად: მკაცრი ეტიკეტი და უკიდურესი ამპარტავნობა გახლდათ მიზეზი, რის გამოც ლეოპოლდ I-მა პატივისცემის ნიშნად ქუდი არ მოიხადა იმ ადამიანის წინაშე, ვინაც მისი იმპერიის დედაქალაქის – ვენის კარიბჭესთან მოასწრო და გაანადგურა შემოსეული მტრის (ოსმალთა) არმია. ცნობისათვის, ამ ადამიანს წარმოადგენდა პოლონეთისა და ლიტვის მეფის უფროსი ვაჟი – იაკუბ სობესკი.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ის სხვისადმი პატივისცემის ნიშნად იძრობდა თავიდან ქუდს, დედოფალთან იყო დაკავშირებული. ეს მაშინ ხდებოდა ხოლმე, როდესაც დედოფალი იმპერატორის სადღეგრძელოს წარმოთქვამდა. და სანამ სადღეგრძელოს არ დაასრულებდა დედოფალი, არავის ჰქონდა უფლება ჩახრილი თავები მაღლა აეწიათ.
ლეოპოლდის უმცროსი ვაჟიშვილი, თავისი უკიდურესი ამპარტავნობით ცნობილი – ერჰერცოგი კარლოსი (რომის საღვთო იმპერიის მომავალი მბრძანებელი) იმდენადაც კი გათავხედდა, რომ პრუსიის ახლადგამეფებულ მეფეს – ფრიდრიხ პირველს გამოწვდილ ხელს ხელი არ შეაგება ჩამოსართმევად. გამეფებამდე ხომ ბრადენბურგის კურფიუსტის „დაბალ” წოდებას ატარებდა ფრიდრიხი.
იმპერატორი – იოზეფ I ყოველთვის კატეგორიულ უარს აცხადებდა დიდებულებთან (რა გავლენისაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი) ერთად სადილობაზე. იგი არა მარტო მათ არ უტოლებდა თავს, არამედ უცხოელ სტუმრებსაც კი არ იწვევდა არასოდეს თავისთან სუფრაზე. ერთადერთი, ვისთან ერთადაც იშვიათად ტრაპეზობდა იოზეფი, დედოფალი გახლდათ.
მოქმედი ეტიკეტის თანახმად, იმპერატორთან შეხვედრის ჟამს ქვეშევრდომებს მისთვის სამჯერ უნდა გაეკეთებინათ ეგრეთ წოდებული „ესპანური რევერანსი” და ცალ მუხლზე დაჩოქილიყვნენ. ასეთივე წესი მეორდებოდა მის უდიდებულესობასთან დამშვიდობების ჟამსაც, ან კიდევ, მისი სახელის ხსენების შემთხვევაში.
სამაგალითოდ რომ ავიღოთ, იგივე ეტიკეტი უკრძალავდა ლეოპოლდს სხვათა დასანახად მეუღლესთან (დედოფალთან) ახლოს დაჯდომას. ამით იგი თითქოს-და ხაზს უსვამდა საკუთარ „ხელშეუხებლობასა” და „ხელშეუვალობას”. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არადა, როდესაც დედოფალი მარია-ტერეზა დაფეხმძიმდა, მომავალ მამას ეს სასიხარულო ამბავი სიტყვით კი არ გადასცეს, არამედ ქმედებით შეატყობინეს – ფეხმძიმე დედოფალი იმპერატორის წინაშე სადღესასწაულო პორტშეზით (ხელით სატარებელი სავარძელი) მიაბრძანეს.
ეტიკეტი, რომელიც იმპერატორის თითოეულ ნაბიჯზე იყო გაწერილი, არეგულირებდა აბსოლუტურად ყველაფერს. ასე მაგალითად: კარლოს მეექვსემ მხოლოდ იმის გამო დასაჯა მსახურები, რომ მის საძინებელში 4 სანთელი დახვდა ანთებული 6 სანთლის ნაცვლად, ისე როგორც ეს ეტიკეტით იყო განსაზღვრული რომის საღვთო იმპერატორთა შემთხვევაში; აღნიშნული ეტიკეტი არეგულირებდა იმასაც, თუ რამდენი ნაბიჯი უნდა გადაედგა მას სხვა ქვეყნის ელჩებთან თუ სხვა ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრის დროს. რაც უფრო მაღალი იყო სტუმრის რანგი, მით უფრო მეტ ნაბიჯს დგამდა მასთან შეხვედრისას რომის საღვთო იმპერიის მბრძანებელი. – (ავტორი გენია.ჯი)