ვლადიმერ ეფროიმსონი – „ეპიზოდი”
„მე აქ მოვედი იმისთვის, რომ სიმართლე ვილაპარაკო… მე არ ვადანაშაულებ არც ფილმის ავტორებს და არც იმათ, ვინც ჩვენს წინაშე ეს-ესაა სიტყვით გამოვიდა. ეს ფილმი – სიცრუეზე აგებული ცუდი ფილმია. სიმართლე გითხრათ, კიდევ უფრო უარესი. ეს – ნახევრადსიმართლეა.
ფილმში არ არის ნათქვამი, რომ ვავილოვი მხოლოდ ერთ ტრაგიკულ შემთხვევას არ წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ვავილოვი – ერთ-ერთ მათგანია იმ მილიონობით მსხვერპლთა შორის, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე უსინდისო, ყველაზე, ყველაზე სასტიკმა რეჟიმმა შეიწირა… რეჟიმმა, რომელმაც, მაქსიმალურად რბილი გამოთვლებით, მიწისაგან პირისა აღგავა 50, უარეს შემთხვევაში – 70 მილიონი ყოვლად უდანაშაულო ადამიანი.
ეს სისტემაა – სტალინიზმი. ეს სისტემაა – სოციალიზმი.
სოციალიზმს, რომელიც დაუსჯელად ბატონობდა და ბატონობს დღემდე ჩვენს ქვეყანაში, კვლავაც არ წაყენებია ბრალი უმძიმეს დანაშაულებათა ჩადენისთვის… მე არ ვადანაშაულებ ფილმის ავტორებს იმაში, რომ მათ ვერ შეძლეს და ვერ გაბედეს სიმართლის თქმა ვავილოვის სიკვდილის ნამდვილი გარემოებების შესახებ. ფილმის დასასრულში ლაკონურად აღნიშნეს, რომ ვავილოვი – სარატოვის ციხეში გარდაიცვალა. თუმცა უნდა გითხრათ, რომ იგი არ გარდაცვლილა! მან – სული გააცხო! იგი ძაღლივით მოკვდა – პელაგრისგან, დაავადებისაგან, რომელიც არასრულფასოვანი კვების შედეგად იყო გამოწვეული.
დიდ სწავლულს, მსოფლიო რანგის გენიოსს, სამამულო მეცნიერების სიამაყეს, აკადემიკოსს – ნიკოლოზ ვავილოვს, ძაღლივით გააფრთხობინეს სული სარატოვის ციხეში.
და აუცილებელია, რომ ყველა თქვენგანს გვახსოვდეს ეს და არ დავივიწყოთ.
მე უკვე მოხუცი კაცი ვარ. ორჯერ ინფარქტიც გადავიტანე. 20 წელიწადზე მეტი საბჭოთა გულაგებში, გადასახლებებსა და ფრონტზე დავყავი. შესაძლოა, ხვალ მოვკვდე კიდეც. მოვკვდები და, როგორც ჩანს, ჩემს გარდა არავინ იქნება ისეთი, ვინც ოდესმე გეტყვით სიმართლეს.
ამიტომაც მოგიწოდებთ, თქვენ: – კარგად დაიხსომეთ ის, რაც დღეს აქ გითხარით! კარგად დაიხსომეთ!”
* * * * * * *
P.S. საბჭოთა ხელისუფლების მიერ არაერთგზის რეპრესირებულმა ებრაული წარმომავლობის მქონე ცნობილმა რუსმა გენეტიკოსმა და სწავლულმა – ვლადიმერ ეფროიმსონმა (1908-1989 წლები), აღნიშნული სიტყვა 1985 წლის დეკემბრის თვეში წარმოთქვა მოსკოვის პოლიტექმიკური მუზეუმის საჯარო ტრიბუნიდან. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მძალვრობდა საბჭოეთში სოციალიზმი. იმ დღეს მუზეუმის დარბაზში გაიმართა რეპრესიებს შეწირული გენიალური რუსი სწავლულის – ნიკოლოზ ვავილოვის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის საპრემიერო ჩვენება. – (ავტორი გენია.ჯი)
ნიკოლოზ ვავილოვი