პითაგორა – „ეპიზოდი”
ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში მოღვაწე დიდი ძველ ბერძენი ფილოსოფოსისა და სწავლულის – პითაგორა სამოსელის „პითაგორელებად” ცნობილი მიმდევრები, ნებისმიერ დროს იყვნენ მზად, თვით სიცოცხლეც კი გაეწირათ თაყვანისცემის ობიექტად ქცეული პერსონისა და მის მიერ ნაქადაგევი იდეების დაცვის გამო. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიაში ამის მრავალი მაგალითი მოიპოვება. კაცი, რომელიც ფენომენალურად ფლობდა ადამიანთა დარწმუნების უნარს, უწიგნური მშობლების შვილს კი წარმოადგენდა, თუმცა, თავისი განუზომელი მისწრაფებით ეწია იმას, რომ ერთგვარ რელიგიურ სექტად ქცეული ფილოსოფიური მიმდინარეობის ფუძემდებლად და მის პირუთვნელ ლიდერად ჩამოყალიბდა. პითაგორელები, რომლებიც „პითაგორელობასთან” ერთად ოფიციალურად ეთხოვებოდნენ მთელ თავიანთ ქონებას (ისე მათ არავინ მიიღებდა პითაგორასთან სასწავლებლად), ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი სამოსელის ზებუნებრივ შესაძლებლობებში. მათ სწამდათ და სჯეროდათ, რომ პითაგორას ცხოველებისა და ფრინველების ენა ესმოდა. ის კი არა და, იმასაც ამტკიცებდნენ, ჩვენი წინამძღვარი ერთ-ერთი ოლიმპიელი ღმერთის შვილიაო.
იმისათვის, რომ სამოსელის სწავლებას მოეცვა ესა თუ ის ძველ ბერძნული ქალაქი, „პითაგორელები” კონფლიქტებშიაც ხშირად ერთვებოდნენ. რამდენიმე ქალაქის შემთხვევაში, გამძვინვარებულმა „პითაგორელებმა” კანონების შეცვლა მოითხოვეს, რასაც სისხლიანი დაპირისპირებები მოჰყვა. ამბობენ, რომ ასეთი სახის დაპირისპირებებში მონაწილეობას იღებდა თავად პითაგორაცო. მუშტი-კრივს რომ ეს უდიდესი სწავლული შესანიშნავად ფლობდა, მის მიერ ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვებებიც მოწმობს. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიით, პითაგორა სწორედ რომ ასეთმა დაპირისპირებამ იმსხვერპლა. – (ავტორი გენია.ჯი)