ქართველი ხაბაზის დიდებული მონოლოგი
„ – კოლუმბიც ვიცი და აგერ აქით, პეტრე დიდიც… უფრო მეტი ვიცი: პურში და ღვინოში არ უნდა მოატყუო კაცი! მარილში არ უნდა მოატყუო კაცი!.. ტყუილი რა კაცის საკადრისია!.. კოლუმბიო, კოლუმბი კი არა, თუ გინდა, მიკლუხო-მაკლაის მოღვაწეობას ჩამოგითვლი თითებზე და დერჟავინის ამბავსაც ზედ მივაყოლებ… ის კი არადა, ციოლკოვსკი რომ უკუღმა შეეჭიდა საქმეს, ისიც ვიცი, მე! პირდაპირ მოუნდა გაღმა გასვლა. ცაში გაფრენა. კუდიდან გამოსროლილი ბოლით… ეტყობა, მაგათ სოფელში არა სახლობდა ნემსიყლაპია ბუზი, აი, თავკომბალა ბუზს რომ ეძახიან… ის რომ ენახა, მორჩენილი იყო ყველაფერი… ჩვეულებრივი მწერია, მკერდი მსხვილი, კუდი გრძელი და წვრილი, ბეჭებზე ოთხი ფრთა აქვს, თუ არ ვცდები, რომელი ფრთებიც ზევით-ქვევით კი არ მოძრაობენ, უჩვეულოდ, წრიულად ტრიალებენ. ერთი სიტყვით, დაიკრავს ფრთას ფრთაზე და აფრინდება… ციოლკოვსკის რა ვუთხარი მე და მის დაკვირვებას, ის ოჯახაშენებული მაინცდამაინც ქათმებს დაეტაკა, ქორსა და შავარდენს დაუწყო კუდში დევა… ნამდვილი მფრინავი ხალიჩაა, ახვალ-დახვალ, ახვალ-დახვალ, სადაც გინდა, იქ გაჩერდები. ჰაერი იქნება თუ მიწა.
იოლი არაა ცხოვრების გაგება, ერთი ხელის დაკვრით არ ხდება ყველაფერი, შეიძლება ჯერ ძნელი მისაგნები გამოიგონო და ჩახვდე ჭკუაში, მერე იოლი და თითქოს ნაცნობი აღმოაჩინო, მაგრამ ჩემი აზრით, ჯერ მაინც ვერტმფრენი უნდა გამოეგონებინათ, მერე კოსმოსის ეშმაკი… ყველაფერი ვიცი მე… დღემოსწრება ხაბაზი კაცი ვიყავი და ეგ შემეშლება ახლა?.. პოლიტიკაში მე რომ ვერკვეოდი, ბარე ორ ჩემს გამგეს ტყემალზე ეძინა მაშინ!.. მე რომ ცომის აყვავების მოლოდინში ქაღალდი მაქვს ნაკითხი, ზოგ-ზოგ პროფესორს სიზმარში არ მოელანდება… ეგეც არ იყოს, მე რომ თონეზე შოთი პური მაქვს მიკრული, იმდენი ვარსკვლავი შეიძლება არც მოითვალოს ცაზე… სად იპოვი დამთვლელს თვარა, კი, ბატონო, ვინ მამაძაღლი მერე…”