ოტია იოსელიანი – „შურისძიებავ!”
„შურისძიება!
შურისძიებავ!.. რა ძლიერი და ყოვლისმომცველია შენი ნება. ღრმა, სისხლიან ჭრილობაზე მუჭა-მუჭა მარილის დაყრასავითაა… შურისძიების ავი და შეუპოვარი გრძნობაა სუსტს, უნიათოს, ლაჩარს რომ ძალისხმევით აღავსებს და უსუსურ დიაცსაც ამორძალის გამბედაობით, სიმტკიცითა და ღირსებით ტენის.
შურისგებავ! ამბოხია შენი გზა-სავალი, შეურიგალი და ქედუხრელი. შენითაა, თუ ადამიანს ადამიანის სახე ჯერ კიდევ შერჩა. შენითაა – ძალმომრეობამ, უსამართლობამ, დაჯაბნამ და ფეხით გათელვამ ძეხორციელი რომ ძონძების ჩვრად ვერ აქცია.
ნაცვალგებავ! ღმერთმა ნუ ჰქნას მიატოვო ადამის მოდგმა თავკერძა გრძნობების ამარა, ჩაუქრო მესისხლეობის ცეცხლი და ერთხელ შობილი, ერთხელ სიკვდილის მადლს მოაკლო.
შენ იფარავდი და იფარავ კაცს კაცისაგან, კეთილს ბოროტისაგან, ჩაგრულს მჩაგვრელისაგან, ცხვარს მგლისაგან.
შენ იყავი და ხარ უზენაესი და უანგარო სჯულმდებელი მისხალ-მისხალ რომ სწონიდი ავსა და კარგს, მრუდსა და მართალს. შენს პინაზე წვეთ სისხლს ზღვა წყალი ვერ აიწონიდა, ვერც გადარეცხდა.
შენ ახურავდი კაცს ქუდს, ქალს ლეჩაქს…
შურისძიება სამსხვერპლოა და ყველაზე მეტ მსხვერპლს შურისმაძიებლისაგან იღებს, შურისძიებულზეც მეტს.”