მონღოლური დაკრძალვის უცნაური წესჩვეულება
მონღოლი ხალხის დაკრძალვის ადათ-წესებს ორი მეტად უცნაური თავისებურება ახასიათებდა ისტორიის ადრეულ ეტაპებზე. (ავტორი გენია.ჯი) პირველი მათგანი გახლდათ ის, რომ ღრმა საფლავ-აკლდამაში პატრონთან ერთად ეშვებოდა მისი ყველაზე საყვარელი და ერთგული მონა. მას ბატონის ცხედრის ქვეშ დებდნენ და შემდგომ ცოცხლად მარხავდნენ. ნახევარი დღის გასვლის შემდგომ საფლავს თხრიდნენ, მონას სულს მოათქმევინებდნენ, დაანაყრებდნენ და კვლავაც მარხავდნენ. ასე მეორდებოდა სამჯერ, და თუ მონა არ გაიგუდებოდა, ეს იმის მაუწყებლად აღიქმებოდა, რომ ის ნამდვილად მიცვალებულის ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო. შედეგად, მას სამუდამოდ ათავისუფლებდნენ მონობისაგან და აძლევდნენ ყველაფერს, რაც არ უნდა მოეთხოვა, იმიტომ რომ, მონღოლთა რწმენით, იგი თავისი ბატონის ყველა ცოდვის მემკვიდრე გახლდათ. ხოლო თვითონ ბატონი, ასეთ შემთხვევაში, დედამიწაზე ჩადენილი ყველა ცოდვისაგან განწმენდილი მიემგზავრებოდა იმიერში.
დაბოლოს, ბატონის გვამს სამუდამოდ მარხავდნენ. მას საფლავში თან ატანდნენ ხორცით სავსე ქვაბს და დიდი ქოთნით რძეს, აგრეთვე დიდძალ ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს. რაც უფრო დიდგვაროვანი და მდიდარი იყო ადამიანი, მით უფრო ბევრ ძვირფასეულობას უდებდნენ საფლავში. მონღოლთა რწმენით, როცა იგი საიქიოში გაცოცხლებას დაიწყებდა, ამ მომენტის მოლოდინში მყოფი ავი სულები ძვირფასი ნივთების ბრწყინვით გაერთობოდნენ და მის სხეულსა და სულს ხელს აღარ ახლებდნენ.
მონღოლური დაკრძალვის წესჩვეულების მეორე თავისებურება მდგომარეობდა იმაში, რომ განსაკუთრებულად წარჩინებული ადამიანის დასაფლავების ადგილის შესახებ შორეული წარმოდგენაც არ უნდა ჰქონოდა არავის. ამიტომაც კლავდნენ ყველას, ვინც დაკრძალვის მოწმე იყო, ხოლო ამის შემდეგ სტეპში ცხენის რემას გარეკდნენ, რომელიც ყოველგვარ ნაკვალებს ტკებნიდნენ და შლიდნენ. და ეს კეთდებოდა არა იმდენად საფლავების მძარცველთა და ავაზაკთაგან დასაცავად, რამდენადაც მოქიშპე ნათესავებისაგან დასაფარავად. ვინც სიცოცხლეში ვერ ბედავდა შურისძიებას, მას შეეძლო სიკვდილის შემდეგ ეყარა ჯავრი. ასეთი შემთხვევები ხდებოდა ხოლმე არა მარტო მონღოლებს შორის. არაერთხელ წაუბილწავთ მომდევნო მბრძანებლებს თავიანთი წინამორბედთა საფლავები, ამოაგდებდნენ ხოლმე სარკოფაგებიდან და წვავდნენ მათ გვამებს. მონღოლებს კი ამქვეყნად ყველაზე მეტად ასეთი წაბილწვისა ეშინოდათ… – (ავტორი გენია.ჯი)