მურმან ლებანიძე – „მე იმ დროს ვნატრობ…”
მე იმ დროს ვნატრობ, ჩვენ რომ ვიქნებით,
რომ ვიქნებით და რომ არ გავქრებით.
რომ გავიხარებთ განძის მიგნებით,
კორდებს რომ მოვფენთ ჩვენი აკვნებით.
* * *
მე იმ დღეს ვნატრობ, ავდრების ბღავილს,
ამ პლანეტაზე ქართვლისთვის გამწყრალს.
რომ ჩავაწყნარებთ და ქართულ ყვავილს
რომ გავახარებთ გამზრალს და გამჭნარს.
* * *
და მიწის ბურთზე მსაჯულის მკაცრის
და მიუდგომლის პირით რომ ითქმის:
„დახე, რას შვრება ქართველი კაცი -
ეს აქამომდე უცნობი თითქმის!”
* * *
იქნება ასე, იტყვიან, მენდე, -
ესრეთ ვერ ივლის ყისმათის ჩარხი, -
„სად ჭურში იჯდა, სად იყო დღემდე
ეს მშვენიერი მამაცი ხალხი?”
* * *
მე იმ დღეს ვნატრობ!.. ჩვენს ათას სტრიქონს
დაე, ცხოვრებაც ჩვენი დაშვენდეს -
წყეულიმც იყოს, წყეულიმც იყოს,
ვინც ცარიელა ნატვრას დასჯერდეს!