ჯიმი ჰენდრიქსი – „ეპიზოდი”
თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი – ჯიმი ჰენდრიქსი (1942-1970 წლები) ქვეყნიერებას აშშ-ის ქალაქ სიეტლში მოევლინა. პატარას მშობელმა დედამ – ჯონი ალენი დაარქვა. იმ პერიოდში ჩვენი პლანეტა მეორე მსოფლიო ომს ჰქონდა მოცული და ისევე როგორც სხვა უამრავ აშშ-ის მოქალაქეს, ჰენდრიქსის მამას – ელ ჰენდრიქსსაც მოუხდა მასში მონაწილებდა. მომავალი მუსიკოსის მამა მეორე მსოფლიო ომში მაშინ იქნა გაწვეული, როდესაც სულ რაღაც სამიოდე დღის დაქორწინებული გახლდათ ლუისილ ჯეტერზე (ჯიმის დედა). შედეგად იგი თავისი შვილის დაბადებას ფიზიკურად არ დასწრებია. როდესაც ელი ომიდან ოჯახს სამ წლიანი განშორების შემდგომ დაუბრუნდა, თავის პატარა ვაჟს უმალვე გადაარქვა სახელი და ჯეიმზ მარშალი დაარქვა (როგორც აღმოჩნდა, ბუნებით ეჭვიანმა კაცმა ივარაუდა, რომ მის მეუღლეს ახალშობილისათვის შესაძლებელი იყო თავისი საყვარლის სახელი შეერჩია დასარქმევად).
ჯიმის მამა ალკოჰოლური სასმელების მოტრფიალე კაცს წარმოადგენდა, რასაც ხშირი კამათი სდევდა ხოლმე ოჯახში. ჰენდრიქსის უმცროსი ძმის, ლეონის გადმოცემის თანახმად, მთვრალ მამას არასოდეს არ აუწევია ხელი საკუთარ მეუღლეზე, განსხვავებით დედისგან, რომელიც ყოველი ჩხუბის დროს ყველაფერს ესროდა ქმარს, რაც კი ხელში მოჰყვებოდა.
მამის მსგავსად, ჰენდრიქსიც ხშირად ეტანებოდა ალკოჰოლურ სასმელებს, და არა მარტო ალკოჰოლურ სასმელებს. იგი მოიხმარდა კანაბისს, ელესდისს, ჰაშიშსა და სხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს. თუმცა, ყველაზე მეტი ვნება მისთვის, როგორც ჯიმის ახლობლები ამბობდნენ, მაინც ალკოჰოლურ თრობას მოჰქონდა. მთვრალი მუსიკოსი ხშირად იწევდა საკუთარი ოჯახის წევრების, საყვარლებისა და მეგობრების საცემად. ამასვე ადასტურებს ჰერბერტ უორტინგტონიც, ვინაც ჯიმის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო. მან ერთხელ სრული გულწრფელობით შენიშნა, რომ ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შემდგომ, ჯიმი ჰენდრიქსი „ნამდვილ ნაძირალად” იქცეოდაო.
ნიშანდობლივია ისიც, რომ გარდაცვალების წინ, იგი წითელი ღვინით იყო გამომთვრალი. – (ავტორი გენია.ჯი)