ყივჩაღები – „ეპიზოდი”
„ისმაელის ნაშიერები” – ასე მოიხსენიებდნენ თურქულენოვანი მომთაბარე ტომის ხალხს – ყივჩაღებს ადრეული ხანის ქრისტიანები. (ავტორი გენია.ჯი) სისხლის აღების წესით მაცხოვრებელ ხალხს საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ რატომღაც არა სჩვეოდა ღიმილი: ისინი ან ხარხარებდნენ, ან კიდევ მოღუშულნი სდუმდნენ. გარდა ამისა, მათთვის დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენდა იჭვნეულად შეეხედათ ყოველი უცხოსათვის თავიანთი ჭრუტა თვალების სიღრმიდან.
ელემენტარული ჰიგიენის დაუცველობის გამოისობით ყივჩაღთა შორის თითქმის ყველა მდაბიოს მუნი სჭირდა, რასაც ყოველთვის თან ერთვოდა რწყილთა სიმრავლეც, მათი აურაცხელი ცხვრის ფარებისა და საქონლის მეოხებით გაჩენილი. გარდა მდაბიოებისა, ყივჩაღთა დიდებულებსაც ხშირად აბეზრებდა თავს კანის ეს ამაზრზენი დაავადება. შედეგად, მათი დიდებულები მუდამ ქავილით იყვნენ გართულნი. სუფრას უსხდნენ, ცხენით მგზავრობდნენ თუ სტუმარს ესაუბრებოდნენ, ცალი ხელი მათ ყოველთვის იღლიაში ჰქონდათ ჩაყოფილი, იქექებოდნენ და თან საუბრობდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მასობრივად მისდევდნენ მესაქონლეობას, ყივჩაღთა რიგებში ვერ გადააწყდებოდით ვერც ერთ მწყემსსა და ზედამხედველს რემის, ფარისა თუ ჯოგისა. ამის გამო, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ისინი ცუდი მესაქონლეები იყვნენ, თუმცა ეს ასე სულაც არ არის: ყივჩაღებში ასეთი სახის ქურდობა და მავნებლობა – სიკვდილით ისჯებოდა უმალ. ამასვე ადასტურებს დიდი არაბი მოგზაური და ვაჭარი – იბნ ბატუტა.
საინტერესოა ისიც, რომ ბევრი იმ დროინდელი ცივილიზებული ევროპული სახელმწიფოსაგან განსხვავებით, მამაკაცსა და დედაკაცს შორის ყივჩაღებში ნამდვილი თანაბარუფლებიანობა სუფევდა და, ქალები მამაკაცებზე ნაკლებად როდი გამოირჩეოდნენ ბრძოლის ჟამს. ყივჩაღი მანდილოსნები შესანიშნავად ფლობდნენ ცხენზე ჯდომისა და მშვილდით სროლის ხელოვნებას. ცნობილია ისიც, რომ დედაკაცთა მსგავსად, ძროხასა თუ თხას მამაკაცებიც წველიდნენ, რაც დამეთანხმებით, რომ ბევრის მეტყველი ფაქტია.
მათთვის დიდი ხნის განმავლობაში სრულიად უცნობი და უცხო რამ გახლდათ პურის არსებობა. თუმცა დიდი სიამოვნებით შეექცეოდნენ რძისაგან დამზადებულ ფაფებსა და ყველს.
ყივჩაღები მანამ სცემდნენ თავზარს სხვა ტომის ხალხს, სანამ მსოფლიო ისტორიის ასპარეზზე არ გამოჩნდა ძლევამოსილი ოქროს ურდოს ფეოდალური სახელმწიფო (XIII საუკუნის 40-იანი წლები). – (ავტორი გენია.ჯი)
ყივჩაღების გავრცლების არეალი მონღოლების შემოსვლამდე