მურმან ლებანიძე – „ამობრიალდება ძველი დისკო, დიადემა მწველი”
ამობრიალდება ძველი
დისკო, დიადემა მწველი,
გამოკრიალდება ზეცა,
გამოჭიატდება ველი.
მაგრამ, უცაბედად გრძელი,
სამართებელივით მჭრელი,
გამოსრიალდება მკვლელი,
გამოჩხრიალდება გველი.
წუთში წამხდარია ველი,
გული ჩამკვდარია წრფელი,
შეურაცხყოფილი გახლავს
მზე და ყვავილები ჭრელი.
მაგრამ არახალი, ძველი,
უფლის ურევია ხელი:
ბნელს ნათელი ლახვრავს მარად,
ნათელს მარად ახლავს ბნელი.