მურმან ლებანიძე – (იუმორსეკა)

„პარაბელუმთან”

ძველი „ტეტეც” უჯრაში გდია –

რომ აიღო და,

ვთქვათ, რომ შუბლში იხალო ტყვია,

ან უხმაუროდ,

ჰიგიენის, ეთიკის დაცვით,

ცოლს დახვდე

ჭერში დაკიდული, ქათქათა საცვლით,

ან კიდევ არის,

გზა მესამე – კარგად დაპურდე,

მაჩაბელივით

გახვიდე და აღარ დაბრუნდე,

მე შენ გეტყვი და,

შენი ადლით გაგზომავს ვინმე,

ან, თუ გაგზომა,

დაგიმადლის კაცობას ვინმე!

და ამიტომაც:

სვი და ჭამე, ახარე გული!

ცხოვრებას მიჰყევ -

როგორც ყრიან, დაყარე ფული!

იოლად წერე!

დატეხილი სტრიქონი თვალე -

ნუ გინდა „ლილე”,

შემოსძახე მსუბუქი „ლალე” -

ლა-ალე! ლა-ალე!

დღეს თუ არა, ხვალე -

შენთან, შენთან, გალაკტიონ!

შენთან მოვალ მალე!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>