ბაიაზიდ II – „ეპიზოდი”
შუა საუკუნეების ესპანეთში ებრაელთა თემი ერთობ მრავალრიცხოვანი იყო. ისინი ინარჩუნებდნენ როგორც რწმენის თავისუფლებას, ასევე კერძო საკუთრების ფლობის უფლებასაც. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ამ შემთხვევაშიც ისე მოხდა, როგორც დიდმა აკაკიმ თავის უკვდავ პოემაში – „გამზრდელი” ბრძანა: „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა?”
მას შემდეგ, რაც ესპანეთში სამეფო ძალაუფლება ორმა სასტიკმა მმართველმა – ფერდინანდ არაგონელმა და მისმა მეუღლემ – იზაბელა კასტილიელმა ჩაიგდეს ხელში, ებრაელთა საკითხით „ინკვიზიცია” დაინტერესდა. 1492 წელს სამეფო ოჯახმა გამოსცა დეკრეტი, რომელიც ყველა იმ ებრაელის გაძევებას ისახავდა მიზნად ქვეყნიდან, ვინაც საკუთარ რწმენას არ გადაუდგა და „პროზელიტი” არ გახდა (ადამიანი, რომელმაც თავისი სჯული და სარწმუნოება სხვა სჯულსა და სარწმუნოებაში გაცვალა). აღნიშნული დეკრეტი გადაწყვეტილების მისაღებად ებრაელებს სამ თვიან ვადას აძლევდა. ბევრმა მართლაც შეიცვალა თავისი სარწმუნოება, თუმცა ბევრმა უარიც განაცხადა ოდინდელი სჯულის დათმობაზე. შედეგად, ებრაელთა თემი იძულებული გახდა დახმარების თხოვნით ოსმალეთის გონიერი სულთნისათვის – ბაიაზიდ მეორისათვის მიემართა.
კონსტანტინოპოლის დამპყრობლის, მეჰმედ მეორის ვაჟი, ოსმალეთის იმპერიის რიგით მე-8 სულთანი – ბაიაზიდ II (1447-1512 წლები), გააოგნა ესპანეთის სამეფო კარის მიერ გამოცემულმა უგვანო დეკრეტმა. „ებრაელთა შორის მრავლად მოიძებნებიან შესანიშნავი ვაჭრები, მედიკოსები, სწავლულები და, თუნდაც, უბრალო ხელოსნები, რომელთაც ოსმალეთის იმპერიის სასარგებლოდ ძალუძთ თავიანთი ცოდნისა თუ ხელობის გამოყენება”. – დაასკვნა მან და უმალვე შეუდგა ესპანეთიდან გამოძევებულ ებრაელთა თავის ქვეყანაში დასახლების გეგმის განხორციელებას. „ნუთუ შესაძლებელია ესპანეთის მეფეს ბრძენი მმართველი ეწოდოს, როდესაც თავისი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით უკიდურესად ასუსტებს თავის ქვეყანას და ძლიერ აძლიერებს ჩემსას?” – ერთმნიშვნელოვნად განუცხადებია თვისი მრჩევლებისთვის ბაიაზიდს. შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება – ესპანეთიდან გამოძევებული ებრაელების ოსმალეთის იმპერიაში დასახლებისა.
1492 წელს, ანუ დეკრეტის გამოცემის წელსავე, ესპანეთისაკენ დაიძრა ოსმალეთის იმპერიის ასეულობით ხომალდი, რომლებმაც ათიათასობით ებრაელი იხსნეს „ინკვიზიციის” ბრჭყალებისაგან. მართალია, ებრაელებს ოქრო და ვერცხლი თან არ ჩაუტანიათ ოსმალეთში (მათ აეკრძალული ჰქონდათ ესპანეთიდან ყოველგვარი სიმდიდრის გატანა), თუმცა, სამაგიეროდ, ჩაიტანეს უზარმაზარი დაგროვილი ცოდნა და შესაშური უნარები, რისთვისაც შეიფარა კიდეც ისინი ბაიაზიდ მეორემ. – (ავტორი გენია.ჯი)