მაჰა ვაჩირალონგკორნი – „ეპიზოდი”
ტაილანდის ექსცენტრიული მეფე ჩაკრის დინასტიიდან – მაჰა ვაჩირალონგკორნი, ადამიანის ოთხფეხა მეგობრების – ძაღლების უსაზღვროდ მოყვარული მონარქი გახლავთ. ცნობილი ფაქტია, რომ მის ერთ-ერთ უსაყვარლეს არსებას, პუდელის ჯიშის თეთრი ფერის მქონე ძაღლი, სახელად – „ფუ-ფუ” წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, ფუ-ფუ იმდენად დიდი „პატივით” სარგებლობდა, რომ სამეფო მაგიდასთან თავისი, პერსონალური ადგილიც კი გამოუყვეს. 2007 წელს ტაილანდელმა მონარქმა ამერიკის სრულუფლებიანი ელჩის საპატივცემულოდ ოფიციალური ვახშამი გამართა სამეფო სასახლეში. ამერიკელი დიპლომატი იმთავითვე გააოგნა იმ ფაქტმა, რომ პუდელს სპეციალურად გამოუყვეს ადგილი სუფრასთან. ერთ მომენტში ფუ-ფუმ მართლაც რომ „აიწყვიტა”: იგი მაგიდაზე შეხტა და სუფრასთან მსხდომთა თეფშები პირწმინდად გაასუფთავა, გალოკა. მიუხედავად ამისა, არავის უცდია ძაღლის შეჩერება, რადგან მისი შეჩერება ძალიან ძვირად შეიძლებოდა დაჯდომოდა ნებისმიერს (რაღა თქმა უნდა ამერიკელი სტუმრის გარდა).
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ, მოგვიანებით, თავის საყვარელ ძაღლს, მაჰამ – ავიაციის მარშლის წოდება მიანიჭა. ამის გამო, მას სპეცილურად შეუკერეს ავიაციის მარშლის სამხედრო ფორმა და ფეხსაცმელები. იგი თავის ძლევამოსილ მეპატრონესთან ერთად ხშირად იღებდა მონაწილეობას ოფიციალურ მიღებებსა და სადღესასწაულო ტრაპეზებში.
„სამეფო ძაღლი” 2015 წელს, 17 წლის ასაკში მოკვდა. ფუ-ფუ უკანასკნელ გზაზე მისი „წოდების” შესაფერი სრული სამხედრო პატივით გააცილეს. მეფის საყვარელი ძაღლის გვამი ბუდისტური ტრადიციების მიხედვით იქნა კრემირებული. ხოლო ქვეყანა კი მთელი ოთხი დღის განმავლობაში გლოვობდა მეფის უსაყვარლეს არსებას. – (ავტორი გენია.ჯი)
მაჰა ვაჩირალონგკორნი და ფუ-ფუ