ნასერ ალ-დინ შაჰი – „ეპიზოდი”
ყარაჯების მეოთხე წარმომადგენელი ირანის სამეფო ტახტზე – ნასერ ალ-დინ შაჰი (1831-1896 წლები), ექსცენტრიული გამოხდომებით ცნობილი მონარქი გახლდათ. იგი ქვეყანას მთელი 47 წლის განმავლობაში მართვდა და ამ ხნის განმავლობაში უამრავი გამაოგნებელი საქციელით მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება. (ავტორი გენია.ჯი) ამის თვალნათელი მაგალითია ირანის შაჰის მიერ მოწყობილი ევროპული ვოიაჟი 1873 წელს. ავსტრიის დედაქალაქ ვენას, „მსოფლიო გამოფენის” ფარგლებში რიგი სხვა ქვეყნების მეთაურთა მსგავსად, ნასერიც ეწვია. მან იმთავითვე მიიპყრო ევროპული პრესის განსაკუთრებული ყურადღება და არც თუ ისე უმიზეზოდ. ვენაში ვიზიტის ჟამს იგი ყოველდღიურად სტუმრობდა ყველაზე ძვირადღირებულ რესტორნებს, რა დროსაც უზარმაზარი რაოდენობის კერძებს უკვეთდა რესტორნების მომსახურე პერსონალს. საინტერესოა ის გარემოება, რომ ასეთ შემთხვევებში შაჰს არც ერთხელ არ გადაუხდია ფული რესტორნებისთვის მისთვის გაწეული მომსახურეობისთვის. დაწესებულებების დირექტორები ვარაუდობდნენ, რომ ირანის შაჰი ვალს ვენაში ვიზიტის დასრულებამდე გადაიხდიდა, თუმცა მათი იმედები ამაო გამოდგა. ყოველივე ეს ნასერის ძუნწ ბუნებასთან ნამდვილად არ იყო დაკავშირებული. უბრალოდ, იგი თვლიდა, რომ აღმოსავლური სტუმართმოყვარეობის კანონით, დანახარჯს მასპინძლები დაფარავდნენ. ნასერის ასეთი დამოკიდებულება მარტო რესტორნებზე არ გავრცელებულა. შედეგად, ირანში შაჰი ევროპული ძვირადღირებული ტანისამოსის მთებით და რამდენიმე კილოგრამი საიუველირო სამკაულებით დაბრუნდა.
ევროპული ვოიაჟის ფარგლებში ნასერ ალ-დინ შაჰი ბერლინსაც ეწვია. ბერლინის სახელგანთქმული ოპერის სამეფო ლოჟაში მყოფმა ირანელმა მონარქმა ქვეშევრდომებს წყალი მოსთხოვა და, რაოდენ დიდი იყო დარბაზში მყოფი საზოგადოების შოკი, როდესაც იხილეს, თუ როგორ „ხმაურიანად” გამოივლო მან წყალი ყელში, რის შემდგომაც ადგილიდანვე გადაავლო გამონავლევი წყალი სამეფო ლოჟის ქვემოთ მსხდომ ევროპელ მანდილოსნებს.
ცნობილია ისიც, რომ ბერლინის სასტუმროში დაბინავებულმა ნასერმა, თავის ქვეშევრდომებს სასტუმროს ნომერშივე დააკლევინა ცხვარი და მწვადებიც შეაწვევინა, რამაც სასტუმროს ადმინისტრაცია უკიდურეს დონეზე კი აღაშფოთა, თუმცა რას გახდებოდა ყოვლისშემძლე ირანელი სტუმრის წინაშე გარდა იმისა, რომ ირანის დელეგაციის წევრებს ერთი-ორად ძვირი ფასი გადაახდევინა გაწეული მომსახურებისათვის. – (ავტორი გენია.ჯი)