თემურლენგი – „ეპიზოდი”
საქართველოს დაუძინებელი მტრის – „კოჭლ თემურად” წოდებული თემურლენგის მიერ დაპყრობილ ყაზახთა მიწებზე, XIV საუკუნის მეორე ნახევარში დამკვიდრებული იქნა „კანონთა კრებული დამნაშავეებისათვის”. (ავტორი გენია.ჯი) ყაზახი ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ ჩინგიზ-ყაენის შემდგომ აღნიშნული კანონთა კრებული წარმოადგენდა ყველაზე სასტიკ და საშინელ იურიდიულ დოკუმენტსო. და მართლაც, იმ მრავალი მკაცრი მუხლიდან, რომელიც პირადად „კოჭლი თემურის” მიერ იქნა შედგენილი, ერთი მუხლი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა თავისი სასტიკი, ამორალური და არაადამიანური ბუნებით, რასაც აღნიშნული მუხლის სახელწოდებაც თვალნათლივ წარმოგვიჩენს – „სასჯელთა შესახებ დედის წინაშე დამნაშავე ბავშვებისათვის, და დედებისათვის, რომლებიც დამნაშავენი არიან თავიანთი შვილების წინაშე”.
პირსისხლიანი თემურლენგის მიერ შედგენილი ეს მუხლი, ბავშვებს აიძულებდა, დედათა მხრიდან რაიმე სახის განაწყენების შემთხვევაში, თავიანთი დედები სასამართლოში დაებეზღებინათ. განსაკუთრებით ცინიკურია ისიც, რომ სასჯელის სახე საკუთარი დედისათვის „დაზარალებულ” შვილს თავად უნდა ამოერჩია. სწორედ რომ დედაზე გაბრაზებულ ბავშვზე იყო დამოკიდებული, დედამისი იცოცხლებდა თუ წამებით გამოეთხოვებოდა წუთისოფელს. აბა, კარგად დავფიქრდეთ, რა უნდა იყოს იმაზე საშინელი, ვიდრე საკუთარი დედის – დასჯაა?! – (ავტორი გენია.ჯი)