ოტია იოსელიანი – „ვინა ხარ შენ! – აი, რა არის მთასვლელობა!”
„მე რომ მკითხოთ, მთასვლელობა ჭეშმარიტი რაინდობაა და არა სპორტი. არც ტაში, არც ვაშა, არც ფული და მდგომარეობა…
არა, შეიძლება, როგორ არ შეიძლება უტაშოდ და უანგაროდ გადახტე, გასცურო და გაიქც-გამოიქცე. გაიქც-გამოიქცევი, მაგრამ თუ ფინიშთან პირველი არ მიხვალ, მეორე მიხვალ, მეორე თუ არა – მეხუთე, ან მეშვიდე. თუ მთლად გაწყრა ღმერთი, ბოლოს და ბოლოს წაიქცევი, მეტი ხომ არაფერი მოგივა! წაიქცევი, ადგები, მტვერს ან ნახერხს ჩამოიბერტყავ, ერთი ოდნავ მოცხელო შხაპს მიიღებ და შეიძლება საღამოს პაემანზეც კი არ დააგვიანო გულისწორთან, და ისიც შეიძლება მთელი ღამე ერთად ისე გაატაროთ, იმ ეშმაკმა გულისწორმა შენი გაქცევა და წაქცევა ერთხელაც არ გაიხსენოს.
მთასვლელს კი, ღმერთმა ნუ ქნას და, ერთხელ დაუცდება ფეხი, მთასვლელი ერთხელ წაიქცევა და სამუდამოდ დააგვიანებს გულისწორთანაც, დედასთანაც და მზესთანაც.
მთასვლელები ჯარისკაცებს გვანან, ბრძოლას რომ იწყებენ და იციან – ამ ომიდან შინ ყველა ვერ დაბრუნდება. ომი ომიაო, – იტყვის ვინმე, – ომში სამშობლო გეძახის, ქვეყანა მოითხოვს შენს თავგანწირვასო. ბატონი ბრძანდებით, მაგრამ აქაც ხომ სამშობლო გეძახის: იცოდეს, ვინა ხარ შენ, რა კაცი ხარ! დედაბერი ხარ, კერიასთან რომ ფეხი მოიტეხა, არწივი, მყინვარებს რომ ფრთაგაშლილი ქოჩორში დააფრინდება, თუ ლაჩარი – ორი ჭიქა ღვინო რომ გაავაჟკაცებს და მოძმეს ბრიალა დანას ფერდში ჩასცემს, ჩაატოვებს, მერე გარბის, სასჯელის ეშინია, დედის, დეიდის და ბიცოლას კალთაში იმალება.
ვინა ხარ შენ! – აი, რა არის მთასვლელობა”.